
„სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რეგულატორმა Bmatch პლატფორმაზე ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266,4 მილიონი აშშ დოლარით შეავსო, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აპრილის მდგომარეობით 4,52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის მიზნად ისახავს რეზერვების შევსებას, რაც ბანკის მიერ დეკლარირებული პოლიტიკითაც დასტურდება. როდესაც ბაზარი იძლევა საშუალებას, ეროვნული ბანკი ზრდის ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს.”
ამავდროულად, 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები შემდეგია: იანვარი-თებერვალი – Bmatch-ის მეშვეობით წმინდა შესყიდვები არ განხორციელებულა, მარტი – Bmatch-ის მეშვეობით წმინდა შესყიდვები -101.7 მილიონი აშშ დოლარი, აპრილი – Bmatch-ის მეშვეობით წმინდა შესყიდვები – 266.4 მილიონი აშშ დოლარი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ივნისს გამოაქვეყნებს.