
აქსანა ავეტიანმა, რომელიც წარმოშობით ახალქალაქის რაიონის სოფელ აზავრეთიდანაა, კარატეში ახალ წარმატებას მიაღწია.
18 მაისს მოსკოვში გამართულ კარატეს შეჯიბრზე „ევრაზიის თასი“, ახალქალაქელმა სპორტსმენმა, რომელიც რუსეთში საქართველოს წარმოადგენდა, კიდევ ერთხელ მიაღწია წარმატებას და გაიმარჯვა.
„მე საქართველოს წარმოვადგენდი. საქართველოდან სხვა სპორტსმენებიც იყვნენ. მე შეჯიბრში 18 წელზე უფროსი ასაკობრივ კატეგორიაში ვმონაწილეობდი. რუსეთის წარმომადგენელს ვეჯიბრე და გავიმარჯვე, პირველი ადგილი დავიკავე”, – ჰყვება აქსანა.
აქსანა ავეტიანი 21 წლისაა. იგი დაიბადა სოფელ აზავრეთში. 5-6 წლის ასაკში მისი ოჯახი ახალქალაქში გადავიდა, ახალქალაქის N1 სკოლის დამთავრების შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში გადავიდნენ. ახლა ის იქ ცხოვრობს და უმაღლეს განათლებას იღებს – სწავლობს რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე. Jnews-თან ინტერვიუში აქსანამ აღნიშნა, რომ სპორტით 13 წელია დაკავებულია. კითხვაზე, ხომ არ უქმნის კარატე გენდერული თვალსაზრისით პრობლემებს, გვიპასუხა:
„7 წლის ასაკიდან დავიწყე კარატეზე სიარული. ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ „გოგოა, კარატე რათ უნდაო“, მაგრამ მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ამას და არც მინანია, რომ გავაგრძელე კარატეზე სიარული. შეჯიბრებებში მონაწილეობის მხრივ, არ მრცხვენია“, – ამბობს აქსანა ავეტიანი.
აქსანა იხსენებს, როგორ და რატომ აირჩია კარატე:
„პატარაობაში ძალიან ცელქი ვიყავი და ჩემებმა გადაწყვიტეს, რომ სპორტი ჩემი იქნებოდა. თანაც, დედაჩემსაც უნდოდა სპორტსმენი გამხდარიყო, მაგრამ მის დროს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამიტომაც, უნდოდა, რომ მე მაინც გავმხდარიყავი. ჩემს ოჯახში ყველას უყვარს სპორტი – მამას, ბიძას, ძმას. ყველას აქვს კავშირი სპორტთან“, – ამბობს სპორტსმენი.
აქსანა ჰყვება, რომ ბავშვობაში ახალქალაქში რაგბიზეც დადიოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ თავი დაანება, რადგან კარატეში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.
ჩვენი გმირი დაიბადა და გაიზარდა ჯავახეთში. მისი წარმატებები მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან.
საქართველოში ის მრავალ შეჯიბრში მონაწილეობდა. ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები.
„მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს თბილისში გავხდი. 2016 წელს პოლონეთში იყო მსოფლიო ჩემპიონატი, იქ უკვე მეორე ადგილი დავიკავე“, – იხსენებს მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც როგორც საქართველოს, ისე სომხეთის სახელით გამოდის.
„როდესაც თურქეთში ან აზერბაიჯანში არის შეჯიბრი, მე სომხეთს წარმოვადგენ, დანარჩენ ქვეყნებში კი საქართველოს“, – აღნიშნავს აქსანა.
ახალგაზრდა კარატისტი ახლა მწვრთნელებთან ვარჯიშებზე არ დადის, მაგრამ მათთან მუდმივ კავშირშია.
„ჩემთვის მივდივარ სპორტდარბაზში და ვვარჯიშობ. აქაური მწვრთნელებიც მიცნობენ, სომხეთის მწვრთნელებიც, როცა შეჯიბრებებზე ჩამოდიან, მეუბნებიან, რომ ამა და ამ დროს არის შეჯიბრი და ასე ვმონაწილეობ, როგორც ეს უკანასკნელი შეჯიბრი იყო“, — ამბობს აქსანა ავეტიანი.
ის განსაკუთრებული ენთუზიაზმით საუბრობს შეჯიბრებების დროს განცდილ ემოციებზე და ამავდროულად საკუთარ სამომავლო მიზნებსაც გვიზიარებს.
„ამ შეჯიბრზე სულ სხვა შეგრძნებები მქონდა, მივხვდი, რომ დავბრუნდი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და მივხვდი, რომ სპორტისთვის თავი არ უნდა დამენებებინა. მე-4 კურსიდან რეგულარულად დავიწყებ ვარჯიშს, რათა უფრო დიდ მიზნებს მივაღწიო“, -ამბობს ევრაზიის თასის მფლობელი.
კითხვაზე, სურს თუ არა მოსწავლეებთან მუშაობა და მათი ვარჯიში, აქსანამ უპასუხა, რომ როდესაც გაკვეთილების შედარებით თავისუფალი გრაფიკი ექნება, აღადგენს ვარჯიშებს და დაიწყებს მოსწავლეებთან მუშაობას. მიზნებზე საუბრისას მან თქვა:
„მინდა ბევრ საერთაშორისო შეჯიბრში მივიღო მონაწილეობა. უპირველესად, როცა შეჯიბრში ვმონაწილეობ და ვიმარჯვებ, თავს კარგად ვგრძნობ. უკვე მაქვს მე-2 შავი ქამარი და მინდა ცოტა ვივარჯიშო, რომ გამოცდა ჩავაბარო მე-3 შავი ქამრის მოსაპოვებლად“, – ამატებს აქსანა და აღნიშნავს, რომ უკვე შეუძლია მსაჯად გამოსვლა.
აქსანა მუდმივ კავშირშია ახალქალაქელ მწვრთნელებთან.
„ჩემი მწვრთნელი ამბობს, რომ ჩემს შემდეგ ბევრი გოგო მოვიდა ვარჯიშებზე და ამბობენ, რომ აქსანასავით უნდათ გახდნენ“.
ახალგაზრდა კარატისტი, რომელმაც უკვე მრავალი გამარჯვება მოიპოვა სპორტში, პატარებსა და ახალგაზრდებს ურჩევს:
„რა მიზანიც არ უნდა გქონდეთ, ბოლომდე მიდით, ნუ იმედგაცრუვდებით, თუნდაც წაგების შემდეგ, იმუშავეთ საკუთარ თავზე და ბევრი იშრომეთ, და რაც ყველაზე მთავარია, ხალხის „ჭორებს“ ნუ მოუსმენთ, მით უმეტეს გოგოებმა- „გოგო ხარ, სახლში დაჯექი, საქმე აკეთეო“, – დაამატა ევრაზიის თასის მფლობელმა აქსანა ავეტიანმა.
ფენია თოროსიან