საქართველოს რადიო 100 წლისაა. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1925 წელს საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობა დაიწყო.

მიუხედავად ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების განვითარებისა, რადიო დღემდე არ კარგავს თავის მსმენელს, ნიშას და აქტუალობას.

„დღეს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 100 წელი, საუკუნე შესრულდა. საქართველოს რადიომ ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მაუწყებლობა. საუკუნის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიო კვლავ არის აქტუალური მედიასაშუალება. მისი მნიშვნელობა ყველაზე კარგად განსაკუთრებულად რთულ და საგანგებო სიტუაციებში იგრძნობა, როგორც ყველაზე ოპერატიული და სანდო მედიუმის. საქართველოს რადიომ წლების მანძილზე საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ჩვენი რადიო უნიკალურ არქივს – „ოქროს ფონდს“ ინახავს. ეს ისტორიული ფასეულობის ჩანაწერები, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი და ერის მეხსიერებაა. სწორედ ამიტომ, რადიოს 100 წლის იუბილე ასევე აღინიშნება განსაკუთრებული მოვლენით, საქართველოს რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელება იქნება“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოში მცირე სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი სადგურების მოწყობა 1918 წლიდან დაიწყო. 1924 წელს თბილისში განხორციელდა სადენებით რადიოტრანსლაციის პირველი ცდა – ოპერის თეატრიდან ელექტრომექანიკური ქარხნის კლუბში (სადაც მდებარეობდა რადიო საამქრო) გადაიცა ოპერა „კარმენი“.

1925 წელს ნავთლუღის რადიოსადგურიდან მოეწყო პირველი რადიოკონცერტი. პირველი ქართველი ლოტბარი ქალი, მარო თარხნიშვილი მოგონებებში აღწერს, როდესაც ის და რვა ადამიანისგან შემდგარი გუნდი სასტუმრო „თბილისის“ (მაშინდელი „შრომის სასახლე“) შენობაში რადიომაუწყებლობის საზეიმო გახსნაზე მიიწვიეს. პირველად მარო თარხნიშვილმა შეასრულა თავისი ცნობილი „ურმული“, შემდეგ კი მისმა გუნდმა – რამდენიმე სიმღერა.

პირველად მწერლების და საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები, სცენები სპექტაკლებიდან, მხატვრული კითხვა და ა.შ. რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როდესაც ხმის ჩამწერი და აღმდგენი აპარატურა შემოვიდა, საქართველოს რადიომ უმნიშვნელოვანესი საქმე წამოიწყო – შემოქმედებითი და დოკუმენტური მასალები ფირზე გადაიტანა და სამუდამოდ დააბინავა „ოქროს ფონდში“. დღეს ეს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უძვირფასესი საგანძურია.

„ოქროს ფონდის“ საარქივო მასალები მილიონობით ჩანაწერს მოიცავს, მათ შორისაა უძველესი ხალხური სიმღერები და დიდი ტრადიციების მქონე რადიოთეატრი. „ოქროს ფონდის“ პირველი ჩანაწერი 1913 წლით თარიღდება, როდესაც გრამაფონმა აკაკის „განთიადი“ ჩაწერა. ეს ჩანაწერი ქრონოლოგიურად და მნიშვნელობითაც უპირველესია ქართულ მხატვრულ რადიომაუწყებლობაში, ამიტომ „ოქროს ფონდის“ პირველ ექსპონატად ითვლება.

რადიოს „ოქროს ფონდი“ ქვეყნის ხმოვანი მატიანეა, რომელშიც ქართველი მწერლების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ჩანაწერები ინახება: ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ყაუხჩიშვილის, აკაკი შანიძის, ნიკო კეცხოველის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, გრიგოლ რობაქიძის, ვანო სარაჯიშვილის, ეროსი მანჯგალაძის, ვერიკო ანჯაფარიძის და სხვების. ფონდში დაცულია საერთაშორისო მნიშვნელობის, მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეების უნიკალური ხმოვანი ჩანაწერები. რადიოს არქივი ასევე ინახავს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტურ ჩანაწერებს ქართული რადიომაუწყებლობის სათავეებზე, მის პირველ გადაცემებზე. თითოეულ ჩანაწერს თავისი უნიკალური ბიოგრაფია აქვს.

დღეს საქართველოს რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს.

წლიდან წლამდე საქართველოს რადიოს პროგრამა სულ უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მოთხოვნებზე მორგებული ხდება.