
2024 წელს, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, საქართველოს პროკურატურამ 45 მილიონი ლარის ღირებულების აქტივების ამოღებისა და ყადაღის ოპერაცია ჩაატარა. ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 11.4%-ით ნაკლებია. ინფორმაცია პროკურატურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია მოცემული.
დოკუმენტის მიხედვით, საერთო ჯამში, პროკურატურამ 502 ერთეული უძრავი ქონება (117%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით) და 89 ავტომანქანა (2.3%-იანი ზრდა) ამოიღო ან დააყადაღა.
გასულ წელს ფულის გათეთრების ფაქტზე სულ 110 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 107 პირზე დაიწყო. მათგან 99 ფიზიკური და 8 იურიდიული პირია.
რაც შეეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას, ამ მიმართულებით პროკურატურის მიერ ჩამორთმეულია 27.2 მლნ ლარის აქტივები, 36 ავტომანქანა და 33 უძრავი ქონება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის დასაწყისიდან პროკურატურამ ახალი პროგრამული ინსტრუმენტი შეიძინა, რომელიც კრიპტოვალუტის მოძრაობისა და ანალიტიკის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. უწყების შეფასებით, ეს პროგრამა გამოძიების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და ეფექტიანობას ზრდის.