2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამ დღეს რეგიონებში, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, აირჩევენ საკრებულოს ახალ შემადგენლობას და ახალ მერებს. ამ არჩევნებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაიზრდება მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა, ხოლო დეპუტატების საერთო რაოდენობა შემცირდება.

არჩევნების მოახლოების მიუხედავად, არც მმართველი პარტია და არც ოპოზიციური ძალები ჯერჯერობით განსაკუთრებულ აქტიურობას არ იჩენენ ნინოწმინდაში. მსგავს პასიურობას ამჟღავნებენ ქალაქის მცხოვრებლებიც. Jnews-ის რედაქციამ ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩაზე მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია, იციან თუ არა მოქალაქეებმა მოახლოებული არჩევნების შესახებ და როგორ აფასებენ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას.

გამოკითხვამ ინტერესის უკიდურესად დაბალი დონე აჩვენა: 33 რესპონდენტიდან 23-მა ადამიანმა არ უპასუხა კითხვას და უბრალოდ წავიდა. 5 რესპონდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. კიდევ ოთხმა, წასვლისას, სიტუაცია შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „მონაწილეობას აზრი არ აქვს“.

გამოკითხვის მხოლოდ ერთმა მონაწილემ – ლავრენტ მკრტჩიანმა სოფელ თორიიდან – გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მაგრამ აღნიშნა, რომ ამას ვერ შეძლებს. მისი თქმით, ის რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში მხოლოდ ბინადრობის ნებართვა აქვს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს არ აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური აქტივობა უკიდურესად დაბალ დონეზე რჩება. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებენ და მმართველი პარტიაც ჯერ დიდად არ აქტიურობს.

წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა: მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 1-ით გაიზრდება, მაგრამ დეპუტატების საერთო რაოდენობა 4-ით შემცირდება. 2021 წელს არჩეული 30 დეპუტატის ნაცვლად, 26 დეპუტატი იქნება არჩეული. საერთო რაოდენობის შემცირება პროპორციული დეპუტატების 5 მანდატით შემცირების ხარჯზე ხდება.

ამ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა ყველა მუნიციპალიტეტში გაიზრდება, რაც 2024 წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგია. ამ ცვლილებების თანახმად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 10-დან 11-მდე გაიზრდება. წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 11 მაჟორიტარი დეპუტატი და 15 პროპორციული სიით იქნება არჩეული.

ყოველ მაჟორიტარულ ოლქში თითო დეპუტატი აირჩევა. ნინოწმინდის №41 საარჩევნო ოლქში 35 საარჩევნო უბანია, აქედან 3 ნინოწმინდაში მდებარეობს, დანარჩენი 32 კი სოფლებში.

ნინოწმინდის №41 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2024 წელს მუნიციპალიტეტში 20 413 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მთლიანად საქართველოში რეგისტრირებულია 3 426 250 ამომრჩეველი.