
დღეს, 22 მაისს, ახალქალაქის მე-2 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით ბოლო ზარი დაირეკა. სკოლას ორი დამამთავრებელი კლასის 39 მოსწავლე დაემშვიდობა.
ახალქალაქის „რუსული“ სკოლის მოსწავლეები, ხელჩაკიდებულები, კიბეებზე ჩამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ორი კლასი ამთავრებს, კიბეებზე სამი კლასი ჩამოდის — დღეს ბოლო ზარი დაირეკა იმ კურსდამთავრებულებისთვისაც, რომლებმაც სკოლა 40 წლის წინ დაამთავრეს. მათ შორის არის ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება თავის „ალმა მატერს“: არემონტებს საკლასო ოთახებს, აღჭურავს მათ თანამედროვე ტექნიკით. ვარდან ავაკიანი მრავალი წელია ამ სკოლის მოსწავლეებს ძვირფას საჩუქრებს უგზავნის. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი – ყველა კურსდამთავრებულმა მიიღო ტელეფონი, ხოლო წარჩინებულებმა, ტელეფონების გარდა, კომპიუტერებიც. სკოლამ ასევე მიიღო ყოფილი მოსწავლისგან პერსონალური კომპიუტერი და ფერადი პრინტერი.
„ის აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩვენი სასკოლო ცხოვრებაში, ეხმარება და ყოველთვის მხარს უჭერს მას. 2023 წელს გვაჩუქა გეოგრაფიის კაბინეტი, ხოლო 2025 წელს – ქიმიის. გვიხარია, რომ ვარტან ნაჰაპეტის ძე დღეს თავის თანაკლასელებთან ერთად ესწრება ჩვენს დღესასწაულს. წელს ისინი სკოლის დამთავრებიდან 40 წლისთავს აღნიშნავენ“, — განაცხადა თავის სიტყვაში სკოლის დირექტორმა ანაიტ აბგარიანმა.
ვარტან ავაკიანმაც მიმართა კურსდამთავრებულებს მისალოცი სიტყვით:
„მინდა ვუსურვო დღევანდელ კურსდამთავრებულებს ხანგრძლივი, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების გზა. ყველაფერი ნამდვილად თქვენს ხელშია. უზომოდ მიხარია, რომ დღეს სკოლაში ამდენი მოსწავლეა, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის მედლებზე არიან დაჯილდოებული. მახსოვს, 40 წლის წინ მე ვიყავი ერთადერთი კანდიდანტი ამ წოდების. გისურვებთ წარმატებებს და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის უნარს. გილოცავთ!“ — განაცხადა მან.
საუკეთესო სურვილებით სიტყვით გამოვიდა ახალქალაქის რესურს-ცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანიც. სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს დეპუტატები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის წარმომადგენელი და სხვა პატივცემული სტუმრები.
მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა ლამაზი და საინტერესო პროგრამა მოამზადეს: ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ლექსებს კითხულობდნენ. კურსდამთავრებულებმა იცეკვეს ვალსი და ცაში გაუშვეს ბუშტები. მათთვის დაირეკა ბოლო ზარი, რითაც ახალი — ზრდასრული და მოულოდნელობებით სავსე — ცხოვრების დაწყება ამცნო.
აღსანიშნავია, რომ წელს ახალქალაქის N2 საჯარო სკოლას 100 წელი შეუსრულდა.