მიუხედავად იმისა, რომ აპრილში ახალქალაქი-კარწახის გზის მონაკვეთზე ორმოების ამოვსების სამუშაოები ჩატარდა, გზა მაინც მძიმე მდგომარეობაშია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს შემსრულებელი კომპანია გვარწმუნებს, რომ უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება.

ახალქალაქი-კარწახის გზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები იძულებულნი არიან, ქალაქში ჩასასვლელად ყოველდღიურად დანგრეული გზა გადალახონ.

ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის შეკეთების ნაცვლად, აპრილში გრუნტის მოსწორების სამუშაოები ჩატარდა, თუმცა წვიმების გამო გზა ისევ იმავე მდგომარეობაშია.

IMG_0366

Jnews-ი არაერთხელ შეეხო ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო გზის უიმედო მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისთვის ორი ტენდერი ჩატარდა. ორივე ტენდერში გამარჯვებული გახდა კომპანია „ჯავახავტოგზა“. სარემონტო სამუშაოები განხორციელდება საერთაშორისო გზის კმ3-კმ7.8 და კმ8.8-კმ16 მონაკვეთზე.

კომპანიამ პირველი ტენდერი 2 772 000.00 ლარად მოიგო, ხოლო მეორე ტენდერი – 4 488 000.00 ლარად.

IMG_0373

Jnews-მა კომპანია „ჯავახავტოგზას“ დაუკავშირდა, რათა გაერკვია როდის აპირებენ გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას.

„ჯავახავტოგზი“-დან გვაცნობეს, რომ ამ გზის რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის ორი ტენდერი გაიმართა. კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ტენდერის ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო მეორე ტენდერის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

კომპანია „ჯავახავტოგზის“ ცნობით, ყოფილი სამხედრო დასახლებიდან (გარადოკიდან) სოფელ ვაჩიანის დასაწყისამდე გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს სწორედ მათი კომპანია განახორციელებს. სამუშაოების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

Jnews-მა საქართველოს საგზაო დეპარტამენტიდან გაარკვია, რომ ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საერთაშორისო საავტომობილო გზის კმ3+000-კმ7+800 და კმ8+800-კმ16+000 მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოების (კერძოდ, კმ8+800-კმ16+000 მონაკვეთის) ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

იმ კითხვაზე, თუ რა პრობლემაა, რომ ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა, საგზაო დეპარტამენტში პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს, მიზეზად დასახელდა ის, რომ ისინი არ არიან უფლებამოსილი, უპასუხონ მსგავს შეკითხვებს და ამავე დროს გვირჩიეს, რომ მათთვის წერილობით მიგვემართა.

გევორგ ჯანოიან