
საქართველოში 2024 წელს თვითმკვლელობის შემთხვევათა რაოდენობამ 431 შეადგინა, ხოლო თვითმკვლელობის მცდელობა 298 ადამიანმა განახორციელა. აღნიშნული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის განყოფილებაშია გამოქვეყნებული. 2023 და 2022 წლების მონაცემებთან შედარებით, სუიციდისა და თვითმკვლელობის მცდელობების საერთო რაოდენობა გაიზარდა შესაბამისად 92 და 61 შემთხვევით. სამცხე-ჯავახეთში 2024 წელს 11 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, ხოლო 18 ადამიანი სუიციდის შედეგად დაიღუპა.
სუიციდური შემთხვევების ასაკობრივი განაწილება სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში სუიციდის მცდელობა ორმა მოქალაქემ 20 წლამდე ასაკში განახორციელა — 19 წლის გოგონამ და 14 წლის ბიჭმა.
რეგიონში თვითმკვლელობის ყველაზე დიდი რაოდენობა 30-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, სადაც 2024 წელს ამ ასაკის 5 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც 30-39, ისე 40-49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში სუიციდის მცდელობა ოთხმა ადამიანმა სცადა.
აღსანიშნავია, რომ 50 წელს ზევით პირებს შორის სუიციდის მცდელობები არ დაფიქსირებულა, თუმცა თვითმკვლელობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა: 4 შემთხვევა 50-59 წლის პირებში, 3 შემთხვევა 60-69 წლის პირებში და 2 შემთხვევა 70-79 წლის პირებში.