
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.7%-ით გაიზარდა და 14.7% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, იგივე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 5.3 ათასი ადამიანით (0.6%) გაიზარდა და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით (3.0%) შემცირდა და 434.7 ათასი ადამიანი შეადგინა.
„იმავე პერიოდში უმუშევართა რიცხვი 10.8 ათასი ადამიანით (4.7%) გაიზარდა და 239.4 ათასი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2025 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის სპეციფიკური წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა — 46.8 პროცენტამდე. როგორც ქალაქის, ისე სოფლის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 0.2%-ით შემცირდა“, — ნათქვამია ინფორმაციაში.