საქართველოდან საფრანგეთში ექსტრადირებულ იქნენ პირები, რომლებიც ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ადამიანებით უკანონო ვაჭრობის გამო იძებნებოდნენ. აღნიშნული პირები საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, ქართულ და ფრანგულ მხარეებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა გვაცნობებს.

განცხადების თანახმად, ექსტრადირებული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

„ფრანგული მხარის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ „ტანტრა იოგი“ სახელწოდებით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობა იყო, ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ სულ მცირე შვიდი პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანასა და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, ზემოხსენებული პირების საფრანგეთის რესპუბლიკისთვის ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებით.

2025 წლის 16 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკისთვის ექსტრადიციის შესახებ, რის შემდეგაც ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.

„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა ძებნილი პირები დაიჭირონ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.