
გასულ 2024 წელს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შობადობამ სიკვდილიანობას მხოლოდ 29-ით გადააჭარბა. Jnews-ი წარმოგიდგენთ, თუ რა ოდენობის ფინანსურ დახმარებას უწევს ახალქალაქის მერია მუნიციპალიტეტში შობადობის წახალისების მიზნით ახალშობილთა ოჯახებს.
საქართველოში, 2024 წლის მონაცემებით- 3 807 670 ადამიანი ცხოვრობს . ადამიანთა ეს რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ყოველ წამს. მოსახლეობის რაოდენობაზე სხვადასხვა გავლენას ახდენს მრავალფეროვანი ფაქტორები, მათ შორის მიგრაცია. მაგალითად, 2024 წელს საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა 135 811 ადამიანს შეადგენდა, ხოლო საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა – 121 425 ადამიანს. მიგრაციის გარდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს ასევე მოსახლეობის ცვლილების ბუნებრივ ფაქტორს – შობადობას და სიკვდილიანობას. 2024 წელს დაფიქსირდა უფრო მეტი სიკვდილი (43 971), ვიდრე შობადობა (39 483).
იმის გათვალისწინებით, რომ სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი დიდი რეგიონია, აქაც არ არის შობადობის მაღალი მაჩვენებელი. სამცხე-ჯავახეთში 2024 წელს დაიბადა 1 556 ადამიანი, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 463 ადამიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 263 ადამიანი.
გარდაცვლილთა რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში საერთო ჯამში შეადგენს 1 712 ადამიანს, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 434 ადამიანს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 235 ადამიანს.
შობადობის წახალისების და მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მიზნობრივ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ბავშვის/ბავშვების მშობელი/მეურვე იღებს ფინანსურ დახმარებას. ეს პროგრამა მოქმედებს საქართველოს ყველა მაღალმთიან ზონაში. ოჯახებისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური ფინანსური დახმარების ოდენობის დასაზუსტებლად Jnews-მა დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც შემდეგი პასუხი მიიღო:
„პროგრამაში მონაწილეობის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალმთიან ზონაში მცხოვრების სტატუსი. პირველი და მეორე შვილისთვის, ერთი წლის განმავლობაში გაიცემა 100 ლარი, ხოლო მესამე ან მომდევნო შვილის შემთხვევაში 200 ლარი გაიცემა- 2 წლის განმავლობაში.“
მიუხედავად ამ უპირატესობისა, შობადობის მაჩვენებლები წლიდან წლამდე მცირდება. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში 2020 წელს შობადობის მაჩვენებელი იყო 12.6, 2021-ში – 12.7, 2022-ში – 11.4, ხოლო 2023-სა და 2024-ში – 11.
გარდა ყოველთვიური დახმარებისა, მიმდინარე კალენდარულ წელს, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი თითოეულ ახალშობილისთვის, ოჯახს ერთჯერად ფინანსურ დახმარებასაც გაუწევს.
თუ რა თანხა გამოიყოფა ახალშობილთა ოჯახებისთვის, Jnews-მა ესაუბრა ახალქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის განყოფილების უფროსს, ანაჰიტ იორდანიანს.
„პირველ შვილზე გაიცემა 350 ლარი, მეორეზე – 400, მესამეზე – 500, მეოთხეზე – 800 და მეოთხე შვილის შემდეგ ყოველ ახალშობილზე დაემატება 300 ლარი. ეს არის ერთჯერადი დახმარება ახალშობილის ოჯახისთვის, მერიის ბიუჯეტიდან. ასევე არსებობს ერთი პუნქტი, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ითვლება „რაოდენობაში“, მეოთხე ბავშვი ითვლება, თუ ოთხივე არასრულწლოვანია“, – განაცხადა ანაჰიტ იორდანიანმა.
ბოლოს მან დაამატა, რომ არსებობს უპირატესობა, რომლის მიხედვითაც ბავშვის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში მშობელს შეუძლია მიმართოს და ისარგებლოს ამ პროგრამით.
აღსანიშნავია, რომ თიანეთში, რომელიც ასევე მაღალმთიან ზონად ითვლება, მერის, ლევან წიკლაურის ინიციატივით გაიზარდა ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ინფორმაცია თიანეთის მერიამ გამოაქვეყნა.
პირველი შვილი – 1500 ლარი, 300 ლარის ნაცვლად. მეორე შვილი – 3000 ლარი, 400 ლარის ნაცვლად. მესამე შვილი – 4500 ლარი, 500 ლარის ნაცვლად. ყოველ მომდევნო შვილზე თანხა გაიზრდება 1500 ლარით.
ფენია თოროსიან