ახალქალაქის რაიონის არაერთი სოფელი, სარწყავი წყლის არასაკმარისობის გამო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ადგილობრივები, რომელთა ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედებაა, იძულებულნი არიან იბრძოლონ ბუნებისა და უმოქმედობის წინააღმდეგ, ცდილობენ მცირეოდენი წყლით იარსებონ.

სოფელ მაჭადიის მაცხოვრებელი ჰარუთიუნ ხედოიანი ყვება, რომ საბჭოთა წლებში ისინი მდიდარ მოსავალს იღებდნენ, თუმცა ახლა მის ნახევრის მიღებასაც კი ვერ ახერხებენ.

„სანამ სატუმბო სადგური დაინგრეოდა, სოფლის მეურნეობა განვითარებული იყო, ნორმალურ მოსავალს ვიღებდით, უკვე 34 წელია წვიმის იმედად ვართ. რამდენიმე თვეში უკვე დაიწყება სარწყავი სეზონი, მაგრამ როგორც ხედავთ, იმავე მდგომარეობაში ვართ, წლები გადის, მაგრამ ჩვენი პრობლემა არ გვარდება“, – ამბობს ჰარუთიუნი.

ბარვას სატუმბო სადგური, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, წლების განმავლობაში წყლით უზრუნველყოფდა შვიდი სოფლის მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის ხულგუმოს, კორხს, თოთხამს, ორჯანს, მაჭადიასა და არაგვას. თუმცა, სსრკ-ს დაშლის შემდეგ სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მას შემდეგ არ გარემონტებულა.

ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატის, შირვან შირინიანის თქმით, სისტემას დაახლოებით 1000-1200 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვა შეეძლო , თუმცა ახლა ის თითქმის მთლიანად მწყობრიდან გამოსულია. მისი თქმით, პრობლემა ყოველწლიურად მწვავდება და თუ არაფერი გაკეთდება, მომავალში აღდგენა თითქმის შეუძლებელი იქნება.

„წყლის რესურსები გვაქვს, მაგრამ ისინი არ გამოიყენება. მოსახლეობა დარჩა სარწყავი წყლის გარეშე, ზოგიერთები სასმელი წყლით რწყავენ ბოსტნებს, ხოლო დანარჩენები საერთოდ არ რწყავენ. რადგან მოსავალი არ არის, შესაბამისად შემოსავალიც არ არის“, – ამბობს შირვან შირინიანი.

მიგრაცია ამ ყველაფრის უშუალო შედეგი გახდა. სოფელ მაჭადია მაცხოვრებელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მათი სოფელი დაცარიელდა, მიტოვებული მიწა უბრალოდ საარსებო წყაროდ იქცა.

„სარწყავი წყალი სიცოცხლის საკითხია. თუ წყალი არ გაქვს, მიწა უსარგებლო ხდება. ხალხი ტოვებს სოფლებს, ახალგაზრდები არ ბრუნდებიან. არავის სურს იცხოვროს მიწაზე, თუ ის არაფერს არ აძლევს“, – ამბობს სოფელ მაჭადიის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც თავის ვინაობა არ გაამხილა.

IMG_0326

სოფელ კორხის სპეციალისტის- გარნიკ ღანდილიანის თქმით,სოფელ ბავრას სატუმბო სადგური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლეხისთვის.

„ეს სატუმბო სადგური არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მიმდებარე სოფლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რგოლია მთელი სარწყავი სისტემისთვის. მეზობელი სოფლების მცხოვრებლებთან ერთად რამდენჯერმე მოვაწერეთ ხელი და მივმართეთ მერიას. ჩვენი დოკუმენტები მიიღეს, დაგვპირდნენ რომ განხილავენ, მაგრამ დღემდე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ყოველ წელს იმედით ველოდებით“, – ამბობს გარნიკ ღანდილიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მნაცაკან ფამბუხჩიანიც ასევე აღნიშნავს პრობლემის სერიოზულობას, თუმცა ამბობს, რომ გამოსავალი დიდ ფინანსურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული.

„ამჟამად სარემონტო პროგრამა არ არსებობს. მილების მთელი ქსელი ახლით უნდა შეიცვალოს, ასევე უნდა გაიწმინდოს ყველა არხი. ეს ფართომასშტაბიანი და ხარჯიანი სამუშაოა. შესაძლებელია, უახლოეს წლებში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას“, – ამბობს მნაცაკან ფამბუხჩიანი.

გევორგ ჯანოიან