
დღეს, 19 მაისს, ახალქალაქში პატივი მიაგეს ოსმალეთის იმპერიაში ბერძნების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ამ დღეს ბერძენი ხალხი იხსენებს თავისი ისტორიის ტრაგიკულ გვერდს.
ამ დღეს ბერძნები გლოვობენ თავიანთ თანამემამულეებს, რომლებიც სასტიკად გაანადგურეს ოსმალეთის თურქებმა 1916-1923 წლებში.
ახალქალაქში ბერძნებმა და სომხებმა ყვავილები მიიტანეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართულ ხაჩქართან. შემდეგ დამსწრეებმა ეკლესიაში სანთლები აანთეს და ლოცვა აღავლინეს ღმერთის წინაშე.
„ჩვენ ერთად აღვავლინეთ ხსოვნის ლოცვა ჩვენი ბერძენი ძმებისთვის. ჩვენ ძმური ერები ვართ და სომხები მათ თანაუგრძნობენ. სამწუხაროდ, ჩვენი ორი ერის ბედი ერთნაირია. როგორც 1915 წელს მოხდა სომეხთა გენოციდი, ასევე ბერძენთა გენოციდი მოხდა ისტორიულ პონტოში. მათაც გაანადგურეს ახალგაზრდა თურქებმა და ეს დღე მათი ხსოვნის დღეა. ყველამ ერთად ვილოცეთ მათთვის ღვთის წინაშე“, – თქვა ხალქალაქის წმ. ჯვრის („სურბ ხაჩ“) ეკლესიის სულიერმა მოძღვრმა, მღვდელმა მამა ნარეკ ტიგრანიანმა.
ბერძნები XX საუკუნეში უმრავლესობას შეადგენდნენ მცირე აზიის ჩრდილოეთში (პონტოში) და დასავლეთში (ანატოლია), ასევე კაპადოკიის ზოგიერთ პროვინციაში. როგორც სომხები, ბერძნებიც ამ ტერიტორიების მკვიდრი მოსახლეობა იყვნენ და არ სურდათ დამორჩილებოდნენ გამაჰმადიანებასა და გათურქებას. თურქეთის მთავრობას ეშინოდა, რომ ანატოლია და პონტო შეიძლება გასულიყო თურქეთის ხელისუფლებისგან, როგორც ეს უკვე მოხდა საბერძნეთის, სერბეთისა და ბულგარეთის შემთხვევაში, და შემდეგ თურქეთის ქვეშევრდომ ბერძნებს შორის, განსაკუთრებით პონტოელებში, დიდი პროცენტი შეადგენდნენ უმაღლესი განათლების მქონე ინტელიგენცია და წარმატებული მეწარმეები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ და მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ თურქეთის ეკონომიკაზე.
ამიტომ, თურქეთმა ბერძნების გასანადგურებლად „გადამწყვეტი ზომები“ მიიღო, რაც 1908 წლის შემდეგ განხორციელდა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ახალგაზრდა თურქების პარტია, რომელმაც ლოზუნგი „თურქეთი თურქებისთვის“ გამოაცხადა.
1911 წლის სექტემბერში ღიად განიხილეს თურქეთის ეროვნული, განსაკუთრებით ქრისტიანული უმცირესობების განადგურების საკითხი, რაც პირველ რიგში, ბერძნებსა და სომხებს ეხებოდა.
ბერძნების გენოციდის მსხვერპლთა რიცხვი სხვადასხვა შეფასებით 350 000-დან 1,2 მილიონამდე აღწევს.
1994 წლის 24 თებერვალს საბერძნეთის პარლამენტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 19 მაისი დაწესდა მცირე აზიის ბერძნების გენოციდის ხსოვნის დღედ. პონტოს ბერძნების გენოციდი დღეისათვის ოფიციალურად აღიარებულია მხოლოდ საბერძნეთის, კვიპროსის, სომხეთისა და ამერიკის რამდენიმე შტატის მიერ.