შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლო დღეებში მიღებული ყოვლისმომცველი ზომების ფარგლებში, საქართველოდან 33 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულებით გააძევეს.

„გაძევებულ პირებს, კანონის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.”

საქართველოდან გაძევებულნი არიან ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, ბანგლადეშის, ერაყის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მოქალაქეები – სულ 33 ადამიანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ქვეყნის შიგნით არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი ორგანო. მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოში არამართლზომიერად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი საქართველოდან გაძევება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.