გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი ბოლო ერთ კვირაზე მეტია მცირდება. 6 მაისს თუ უნციას ფასი 3400 დოლარს აჭარბებდა, დღეს, 18 მაისს, თბილისის დროით 10:00 საათზე ღირებულება 3201 დოლარამდე შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი თვის ჭრილშიც შემცირებას აჩვენებს. Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო 30 დღეში ოქრო 2.76%-ით გაიაფდა. მიუხედავად თვის ჭრილში შემცირებისა, წლიურად ოქროს ღირებულება 33%-იან ზრდას აჩვენებს.

„ბიზნესპრესნიუსთან“ ონლაინ მაღაზია „ნიელოს“ დამფუძნებელი ნინო ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო 30-დღიანი შემცირება უკვე აისახა ქართულ ბაზარზე და ოქროზე ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება მოთხოვნას, მისი თქმით, ოქროს ნაკეთობების გაყიდვები, წინა პერიოდებთან შედარებით, მცირედით გაზრდილია.

„როდესაც გლობალურ ბაზარზე ძვირდება ოქრო, ცხადია, ფასი ჩვენთანაც იმატებს. წინა პერიოდებთან შედარებით, ახლა არის გაყიდვები. ამჟამად ოქროს ფასი კლებისკენ წავიდა, საგრძნობლად არ შემცირებულა, მაგრამ წინა პერიოდთან შედარებით, გაიაფებულია“, – განაცხადა ნინო ჩიხელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

აპრილის ბოლოს სუფთა ოქროს ფასი 300 ლარის ფარგლებში მერყეობდა, მას შემდეგ კი ძვირფასი ლითონი მცირედით გაიაფდა. უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსს“ ოქროს ბირჟაზე განუცხადეს, რომ 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი ამჟამად 290 ლარია.

წყარო ბიზნესპრესნიუს