
16 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაიმართა რაგბის ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იყო ახალქალაქის სპორტული სკოლისა და სამცხე-ჯავახეთის „ტაო“ რაგბის კლუბის მიერ.
ფესტივალის მიზანი იყო რეგიონში რაგბის განვითარების ხელშეწყობა 14 წლამდე ბავშვების ჩართულობით.
15 წლის ფაილაკ კარაპეტიანი ახალქალაქიდან არის.ის საკუთარი თავს რაგბის გარეშე ვერ წარმოადგენს.
„საკუთარ თავს მხოლოდ რაგბიში ვხედავ, თუმცა ახალქალაქის სპორტულ სკოლაში ჩემს წონით კატეგორიაში არავინ არის, სწორედ ამიტომ იძულებული ვარ, ვარჯიშებზე ასპინძაში წავიდე. წელს გადაწყვეტილი მაქვს, რომ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ვარჯიშებში“.
ახალქალაქში გამართულ რაგბის ფესტივალს ესწრებოდნენ “ტაო” კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვინიტაძე, ასევე კლუბის წარმომადგენელი დათო მგელაძე. ღონისძიებას ფიჯის რესპუბლიკიდან ჩამოსული სპორტსმენიც დაესწრო, რომელიც ამავდროულად რაგბის პროფესიონალი მოთამაშეა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ფიჯი რესპუბლიკაა, სადაც რაგბი ძალიან განვითარებულია. ის ასევე ოლიმპიური სპორტის სახეობაა, სადაც ფიჯის ნაკრები არაერთხელ გამხდარა ოლიმპიური თამაშების მედლის მფლობელი. მსგავს ღონისძიებებს ჩვენ მაქსიმალურად ხშირად ვაწყობთ „ტაო“ კლუბისა და მისი წარმომადგენლების მუდმივი მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში ამ სპორტის სახეობის განვითარებას“, – აღნიშნა მწვრთნელმა რაფაელ დარბინიანმა.
„ტაო“ სპორტული კლუბი სამცხე-ჯავახეთში აერთიანებს ექვს მუნიციპალიტეტს: ადიგენს, ბორჯომს, ახალციხეს, ნინოწმინდასა და ახალქალაქს.
„ტაო“ კლუბის პრეზიდენტის, ირაკლი გვინიტაძის თქმით, ეს თემები კლუბის ისტორიულ და იდეოლოგიურ საძირკველად ითვლება. კლუბი ჩამოყალიბდა რეგიონული განვითარებისა და ინტეგრაციული პროგრამების შედეგად, რომლებიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან ხორციელდებოდა საგრანტო მხარდაჭერით.
„ტაო“ რაგბის კლუბს ჰყავს რამდენიმე ჯგუფი: პატარების, მოზარდებისა და პროფესიონალების. კლუბის პროფესიონალური გუნდი, „ფიგ ჯერსი“, ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის ლიგაში გამოდის.
„გუნდის შემადგენლობაში შედიან სპორტსმენები სხვადასხვა რეგიონიდან – არა მხოლოდ ჯავახეთიდან, არამედ მთელი ქვეყნიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სპორტული წარმატებები ცილდება ქალაქისა თუ ეროვნული კუთვნილების საზღვრებს. როგორც მადრიდის „რეალში“ შეიძლება თამაშობდნენ როგორც მადრიდელები, ისე ბრაზილიელები, ასევეა „ტაოშიც“. ახალქალაქელ სპორტსმენებს იგივე უფლება და ღირებულება აქვთ. კლუბის მიზანია არა მხოლოდ სპორტული პროგრესის უზრუნველყოფა, არამედ საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, მშვიდობისა და ძმობის ატმოსფეროს შექმნა“, – განაცხადა „ტაო“ კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვინიტაძემ.
კლუბის თამაშები ყოველ კვირას პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რაც არა მხოლოდ ზრდის სპორტსმენების მოტივაციას, არამედ ავრცელებს რეგიონის წარმატებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, უკვე 22 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. ასევე ვმუშაობდი ინტეგრაციულ და ეთნიკურ პროგრამებში – ნინოწმინდასა და ახალციხეში, სოფლებში ვაორგანიზებდი მრავალეროვან სპორტულ გუნდებს- ერთ სომხურსა და ერთ ქართულს. ეს იყო ის საფუძველი, საიდანაც დაიბადა „ტაოს“ იდეა და გუნდური სულისკვეთება“, – დაამატა კლუბის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს კლუბი სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემის წინაშე დგას – სტადიონის არარსებობის სახით.
„ერთადერთი მისაღები პირობების მქონე სტადიონი ასპინძაში მდებარეობს, ამიტომ იძულებული ვართ უფროსი ჯგუფის თამაშებიიქ ჩავატაროთ. პატარებისა და მოზარდების ჯგუფებისთვის ზოგჯერ ადიგენის მოედნებს ვიყენებთ, თუმცა ეს შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენ გვჯერა, რომ სპორტული შესაძლებლობები და წარმატებები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა თემისთვის. „ტაო“ დღეს უკვე არა მხოლოდ სპორტული, არამედ სოციალური მოძრაობაა, რომელიც ჯავახეთში აყალიბებს ჯანმრთელ, გაერთიანებულ და მიზანდასახულ თაობას“, – დაასკვნა ირაკლი გვინიტაძემ.
გევორგ ჯანოიან