ოპოზიციამ და ბევრმა სამოქალაქო ორგანიზაციამ 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები არ აღიარა. სხვა მიზეზებთან ერთად, მათ თავიანთი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად გამჭვირვალე ბიულეტენების გამო ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა დაასახელეს. სასამართლო სარჩელებმა ამ ფაქტის ოფიციალურ აღიარებამდე ვერ მიიყვანა. ამავდროულად, ცესკომ განაცხადა ელექტრონულ ურნებზე ქაღალდის ბლოკნოტების გამოყენების განზრახვის შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ბიულეტენებზე აღნიშვნების ხილვადობა, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ეს ზომა, ჯერჯერობით გაურკვეველია.

2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, როგორ მოჰქონდათ ამომრჩევლებს ბიულეტენები, რომელთა უკანა მხარეს აღნიშვნები ჩანდა. განსაკუთრებით ადვილი იყო იმის დადგენა, თუ ვის მისცა ადამიანმა ხმა, ბიულეტენის ელექტრონულ ურნაში ჩაგდების მომენტში – სპეციალური კონვერტების გამოყენების მიუხედავად.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ხმის მიცემის საიდუმლოების პრინციპის დარღვევად შეაფასეს. მათი აზრით, მსგავსი დაუცველობა მოქალაქეთა ნების კონტროლის საშუალებას იძლეოდა. ამ საფუძველზე, რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ისევე როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სასამართლოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. თუმცა მათი სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

არჩევნებამდეც კი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აფრთხილებდა ცესკოს გამჭვირვალე ბიულეტენების პრობლემის შესახებ. სატესტო ხმის მიცემის შემდეგ, ცესკოს რეკომენდაცია მიეცა უფრო მკვრივი ქაღალდის გამოყენების თაობაზე. ამის მიუხედავად, ცესკოს ჯერ კიდევ არ უღიარებია დარღვევების არსებობა, თუმცა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე ელექტრონული საარჩევნო ურნები შალითით გადაიფარება, რათა გარე პირებმა ბიულეტენებზე აღნიშვნები ვერ დაინახონ. შალითა ქაღალდს დაემსგავსება და უზრუნველყოფს ამომრჩევლის არჩევანის იდენტიფიცირების შეუძლებლობას.

ორგანიზაცია „ზოგადი სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც მრავალი წელია აკვირდება არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ასევე შეიტანა საჩივრები ცესკოში დამკვირვებლების მიერ გასულ წელს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.ასე, რომ ვთქვათ ეს არის ერთ-ერთი მასობრივი მიზეზი. რაც შეეხება ელექტრონული ურნების შალითით დაფარვას, რთულია თქმა – ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, ცესკოს პრეზენტაცია ჯერ არ ჩაუტარებია. მეორეც, ეს ვერ გადაჭრის ყველა არსებულ პრობლემას. საჭიროა სხვა ხარისხის ქაღალდის გამოყენება – უფრო მკრივი, გაუმჭვირვალე. ბევრი ტექნიკური ნიუანსია. ეს სიახლეა, ამიტომ პრაქტიკაში უნდა ვნახოთ – ცესკომ სიმულაცია უნდა ჩაატაროს, რომ გავიგოთ, ნამდვილად აგვარებს თუ არა ეს პრობლემას“, – ამბობს არნოლდ სტეფანიანი.

არნოლდ სტეფანიანი პრობლემის გადაჭრის მცდელობას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე დააკმაყოფილებდა საჩივრებს დარღვევების შესახებ. გარდა ამისა, მისი აზრით, ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევის გარდა, არჩევნებზე სხვა, არანაკლებ სერიოზული პრობლემებიც დაფიქსირდა.

„იყო პრობლემები მარკირებასთან დაკავშირებით. დაფიქსირდა „კარუსელების“ მცდელობები, ან ისინი რეალურად მოხდა. რატომ ვამბობ „მცდელობებს“ – იმიტომ, რომ ბევრის პრევენცია მოხერხდა. ეს არის სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემაც. ეს არის ძირითადი დარღვევები, რომლებიც თვალში საცემი იყო. ხოლო ტექნიკური ხარვეზები, როგორც ადრე, არსად გამქრალა – არ მუშაობს აპარატი, მარკირების შეფერხებები და ასე შემდეგ“, – დაამატა მან.

2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მასშტაბური ფორმატით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით – ვერიფიკაციისა და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატები გამოიყენებოდა ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესამოწმებლად, ხოლო ხმების დათვლის მოწყობილობებში ამომრჩევლები ქაღალდის ბიულეტენებს აგდებდნენ, რომლებიც შემდეგ ავტომატურად სკანირდებოდა და აღირიცხებოდა. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საარჩევნო უბნების უმეტესობაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.