დღეს- 17 მაისს, საქართველო ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს, რომელიც 2024 წლიდან სახელმწიფო ოფიციალურ დღესასწაულად არის გამოცხადებული.

ამ დღის მთავარი ტრადიციაა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მიერ დედაქალაქსა და რეგიონებში ორგანიზებული მსვლელობები.

დღესასწაულის აღსანიშნავი წირვა-ლოცვა თბილისის ქაშვეთის ეკლესიაში 14:00 საათზე გაიმართება. შემდეგ მორწმუნეები რელიგიურ მსვლელობაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან.

ოჯახის სიწმინდის დღეს მხარს უჭერენ კონსერვატიული და რელიგიური წრეების წარმომადგენლები, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.

ამ თარიღის გამოჩენა 2013 წლის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც თბილისის ცენტრში მართლმადიდებელი აქტივისტების ჯგუფმა, რამდენიმე მღვდლის ხელმძღვანელობით, ჰომოფობიის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია ჩაშალა. თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 30 სამოქალაქო აქტივისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

2024 წელს მთავრობამ 17 მაისი ოფიციალურ უქმე დღედ გამოაცხადა.