საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 მილიარდი ლარის ოქრო არის ჩადებული – ამის შესახებ მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი, რაც 2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით მათ ფინანსურ მაჩვენებლებს ასახავს.

მისოების საკრედიტო პორტფელის ზომა 1.55 მილიარდი ლარია, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სწორედ სალომბარდე კატეგორიის სესხებზე მოდის 1.17 მილიარდი ლარის ოდენობით (მთლიანი პორტფელის 75%), ამ სესხების უზრუნველყოფაში კი მოსახლეობას 1.05 მილიარდი ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვს ჩადებული.

მისოების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, სალომბარდე კრედიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 315 მილიონი ლარით, ანუ 37%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება დალომბარდებული ოქროულის ღირებულებას, ის წინა წელთან შედარებით 306 მილიონი ლარით ანუ 41%-ით არის გაზრდილი.

ლომბარდებში არსებული ოქროულის ღირებულების მატება თავის მხრივ ოქროს გაძვირებას უკავშირდება, რომელიც ამჟამად 3,250 დოლარი ღირს (უნცია).