
მოსამზადებელი პერიოდია საქართველოს სკოლებში, განსაკუთრებით კურსდამთავრებულებისთვის. ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. გამოცდებისთვის რეგისტრაციის ეტაპი უკვე დასრულებულია, აპლიკანტებმა უკვე შეარჩიეს სასურველი უნივერსიტეტები, საგანი, გამოცდის ენა და სასურველი საგამოცდო ქალაქი.
ამ პერიოდს ბევრი აპლიკანტისთვის სხვადასხვა ემოციური ფონი ახლავს თან. აპლიკანტებმა უკვე დაიწყეს დამატებით გაკვეთილებზე დასწრება სპეციალურ სპეციალისტებთან. არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები გამოცდებს ორ საგანში აბარებენ- მათემატიკასა და ლოგიკაში და შესაბამისად, ამ საგნებისთვის ემზადებიან.
ძირითადად, როგორც რაიონის, ისე ახალქალაქის აბიტურიენტები რეპეტიტორებისთვის ქალაქში მომუშავე სპეციალისტებს მიმართავენ, რომლებიც უკვე წლებია ამზადებენ აბიტურიენტებს და მათ სტუდენტურ ცხოვრებისკენ მიმართავენ.
ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ სპეციალისტთან, რომელიც წლებია ამზადებს აბიტურიენტებს და დავინტერესდით, მისი აზრით შესაძლებელია თუ არა უნივერსიტეტში ჩაბარება და დაფინანსების მოპოვება, რეპეტიტორებთან სიარულის გარეშე.
მან გვიპასუხა:
„ვერ გეტყვით, შემთხვევითობა შეიძლება ათასიდან ერთში მოხდეს. არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ არ მოემზადონ და უცებ უფასოდ ჩაირიცხონ.“
მასწავლებელმა აღნიშნა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები და გამოცდაზე მოსული კითხვები არ შეესაბამება ერთმანეთს. შესაბამისობა, სპეციალისტის თქმით, მხოლოდ ელემენტარულ კითხვებშია.
უნივერსიტეტში ჩაუბარებლობის შიში ბევრ აბიტურიენტს უბიძგებს იფიქროს, რომ რეპეტიტორებთან სიარულის გარეშე ჩაბარება შეუძლებელია, მით უმეტეს-გრანტი მოიპოვოს. მაგრამ არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსიტეტში რეპეტიტორთან მომზადების გარეშე ჩაირიცხნენ.
ალვარდ მარტიროსიანი ახლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტია. მან სკოლა 2019 წელს დაამთავრა და იმავე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ჩაირიცხა უფასოდ და დღემდე სწავლის საფასურის გადახდი გარეშე აგრძელებს განათლების მიღებას.
ალვარდმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა. როგორც ყველასთვის, ალვარდისთვისაც აბიტურიენტობის პერიოდი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ მან იმედი არ დაკარგა და საკუთარი ძალების რწმენით განაგრძო დამოუკიდებლად მეცადინეობა. ალვარდს ჰქონდა მკაფიო მიზანი- ჩაებარებინა სამედიცინო უნივერსიტეტში და ესწავლა უფასოდ.
„გამოცდების ჩაჭრის ფიქრი გაიძულებს, დაიწყო არსებული ცოდნის დაკნინება და ზედმეტი დაძაბულობისა და შიშის წყარო ხდება.წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, კარგად ვიცოდი ჩემი როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები, ამიტომ გადავწყვიტე არსებული ხარვეზები დამოუკიდებლად შემევსო. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ტენდენციაა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად დამატებით რეპეტიციებზე სიარული. ჩემს გარშემო ყველა დადიოდა, მე კი გამუდმებით სხვადასხვა ადამიანებისგან მესმოდა რჩევები, რომ არასწორად ვიქცეოდი და შესაძლოა ვერ ჩავაბარო, რადგან სკოლის მიერ მიცემული ცოდნა საკმარისი არ არის. მე თვითონ ასე არ ვთვლიდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინა წლების აბიტურიენტების გამოცდილების ცოდნით, გაურკვევლობა იყო“, – მოჰყვა ალვარდი.
მან აღნიშნა, რომ თავიდან კონკრეტული სიხშირით არ მეცადინეობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც საგამოცდო პერიოდი მოახლოვდა, მეტი დრო და რესურსი დაუთმო. საბოლოოდ, ალვარდის დამოუკიდებელმა მუშაობამ და 2 საგნის ერთდროულად მომზადებამ მოსალოდნელი შედეგი გამოიღო და ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მაღალი ქულების დაგროვებით მან 100%-იანი გრანტი მიიღო.
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სტუდენტებში ასევე განიხილება თემა, რომ მისაღები გამოცდების საკითხები გამარტივდა და, შესაბამისად, აბიტურიენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.უფროსი სტუდენტები ხშირად ამბობენ, რომ აბიტურიენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ ამით არის განპირობებული – საგამოცდო საკითხების გამარტივებით.
ამ თემაზე ახალქალაქელი სპეციალისტი ამბობს:
„მისაღები გამოცდების ტესტები შედარებით გამარტივდა. მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა, რადგან ახლა ხალხი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ენა უნდა ისწავლონ,ამით თან სახელმწიფო ენას სწავლობენ, თანაც უმაღლეს განათლებას იღებენ.“
ფენია თოროსიან