ნინოწმინდაში, ფარავნის ტბაზე ჰიდროელექტროსადგური აშენდება. შპს „არაკალი“, ფარავნის ტბის ბუნებრივი ნაკადის გამოყენებით, 4.4 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. პროექტის მიხედვით, ფარავნის ტბის კალაპოტზე დაბალი სიმაღლის კაშხალი, წყალმიმღები ნაგებობები და კაშხლის ექსპლუატაციისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა აშენდება. წყალი სათავეებიდან ჰიდროელექტროსადგურის შენობებში მიეწოდება გადამყვანი-საწნევო მილსადენით. მშენებლობისთვის განსაზღვრულია 25 თვე.

კომპანია „არაკალის“ 75%-ს ფლობს ამერიკული შპს „ლონგშიპ ენერჯი“, ხოლო 25%-ს – ვახტანგ ბარბაქაძე. „არაკალი ჰესი“-ს პროექტის განხორციელება იგეგმება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სათხის თემის სოფელ დიდ არაგიალთან და საღამოს ტბასთან ახლოს- ფარავნის ტბის ხეობაში. შეთავაზებული „არაკალი ჰესი“ მცირე სიმძლავრის იქნება და იმოქმედებს ფარავნის ტბის ბუნებრივ ნაკადზე. „არაკალი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე 4.4 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის მოსალოდნელი წარმოება – 24.03 მილიონი კვტ/სთ.

უახლოესი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სოფელ პატარა არაგიალში, 1200 მეტრის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო სოფელ დიდ არაგიალის უახლოესი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს 1350 მეტრის დაშორებით სამხრეთ-დასავლეთით.

დაგეგმილი „არაკალი ჰესი“-ს მშენებლობის უზრუნველსაყოფად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხასთან ახლოს, მოეწყობა ორი სამშენებლო ბანაკი.

ՀԷԿ
სურათზე ნაჩვენებია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და მონტაჟის გეგმა

ფარვანას მდინარეში თევზისთვის ზიანის მიყენების რისკის მინიმიზაციის მიზნით, ჰესის წყალმიმღებებთან თევზის გასამრავლებელი აუზის მოწყობა იგეგმება.

„არაკალი ჰესი“-ს ინფრასტრუქტურული ნაგებობების განთავსების ადგილების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა ბიომრავალფეროვნებით ნაკლებად გამორჩეულ ტერიტორიებს.

ამ თემაზე დიდ არაგიალში რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა. საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების სახელმწიფო ცენტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შემსრულებელი შპს „არაკალის“, საკონსულტაციო კომპანია შპს „ეკოლოგიური შეფასების ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე ნინოწმინდის მერიის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება. შეხვედრის მონაწილე, პატარა არაგიალის მერის წარმომადგენელი, მასის ვარდანიანი ამბობს:

„ზამთრში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ, ხალხი ინფორმირებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ მოსულან. ისინი აგვიხსნეს, რომ ზიანს საერთოდ არ მიაყენებენ, ანუ ხალხს ეგონა, რომ წყალი დინებას შეცვლიდა, მაგრამ ადგილზე რჩება და თვითდინებით ისევ მოვა, სოფლის შიგნიდან გაივლის. შეხვედრები ძირითადად დიდ არაგიალში გვქონდა, მეც იქიდან დავდიოდი და ხალხიც თან მიმყავდა. ახლა არ ვიცით, რატომ არ მოვიდნენ ან როდის მოვლენ და როდის დაიწყებენ მშენებლობას.“

მან ასევე დაამატა, რომ შეხვედრის დროს თქვეს, რომ სამშენებლო სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებენ.

სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია:

„პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზებას. ამ პროექტის მეშვეობით იგეგმება განახლებადი ენერგიის სექტორში დაახლოებით 9.77 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება.გარდა ამისა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი დადებითი გავლენებიც – ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და გარემოზე დადებითი ზემოქმედების სახით. პროექტის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიიღებს დაახლოებით 97,700 აშშ დოლარს ქონების გადასახადის სახით. პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის მიღწევას, მათ შორის: სიღარიბის აღმოფხვრა, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სამუშაო ადგილები, ინდუსტრიალიზაცია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მიზნების მიღწევის პარტნიორობა. პროექტში ძირითადად დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის ეტაპებზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.“

მართალია, როგორც პატარა არაგიალის მერის წარმომადგენელმა, მასის ვარდანიანმა აღნიშნა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და სამშენებლო კომპანიას ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია სამუშაოების დაწყების ვადებთან დაკავშირებით.

სურათი წარმოდგენილია Jnews-ის არქივიდან

ფენია თოროსიან