
საქართველოს პარლამენტმა 79 მომხრე და 0 მოწინააღმდეგე ხმით პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების შესახებ.
პროექტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენაზე განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – ბაკალავრიატის, მასწავლებელთა მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო, ვეტერინარული მედიცინის ინტეგრირებული სამაგისტრო და სამედიცინო/სტომატოლოგიური რეზიდენტურის პროგრამებზე სახელმწიფო ენაზე ჩარიცხული სტუდენტები ვალდებული იქნებიან გაიარონ სახელმწიფო ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსი.
განათლების სამინისტრო სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესებს 1 სექტემბრამდე დაამტკიცებს. კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უნივერსიტეტში 1 აგვისტომდე ჩაირიცხნენ. მუხლი, რომელიც სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სავალდებულო დასრულებას ითვალისწინებს, ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
უკანასკნელ ათწლეულებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სტუდენტებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ძალიან დაბალია. ეს დასტურდება როგორც შიდა, ისე გარე კვლევებით. ეს საკითხი ასახულია 2021 წელს დამტკიცებულ „სახელმწიფო ენის სტრატეგიაშიც“.ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „წიგნიერების დაბალი დონე და ქართული ენის პრაქტიკული კურსის არარსებობა ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა სპეციალიზებული ფაკულტეტებისა) ვერ უზრუნველყოფს მიღების დროს მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და განვითარებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებში“, -აღნიშნულია დოკუმენტში.