
აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ორმხრივი ურთიერთობების „გადატვირთვას“ იმედოვნებდა. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტი“ ვაშინგტონიდან მოულოდნელი და მკვეთრი სიგნალი გახდა. დოკუმენტში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა მკაცრი განცხადება გააკეთა და ამერიკული მხარე ფაქტების დამახინჯებასა და პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.
საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით მომზადდა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინა, მკვეთრად აკრიტიკებს როგორც აქტის შინაარსს, ისე მის პოლიტიკურ გზავნილს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კონგრესის ინიციატივა ასახავს „მტრულ დამოკიდებულებას“ საქართველოს, მისი მთავრობისა და მოქალაქეების მიმართ. საქართველოს ხელისუფლება დოკუმენტის ტექსტში დაშვებულ „მრავალრიცხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას“ უთითებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ იმედოვნებს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას.
კერძოდ, პარლამენტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს „მეგობარის აქტის“ შესახებ ბრალდებებს, მათ შორის დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შენელებას, ასევე საქართველოს ხელისუფლების კავშირებს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი.
ამ ბრალდებების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ ასეთი ბრალდებები და კრიტიკა შესაძლოა დაკავშირებული იყოს წარსულში საქართველოს ხელისუფლებაზე განხორციელებულ ზეწოლასთან. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის“ სავარაუდო მოთხოვნას – ინიციატივა, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების თქმით, შეერთებულ შტატებში ე.წ. „ღრმა სახელმწიფოს“ წარმომადგენლებისგან მოდიოდა.
განცხადება იმ იმედით მთავრდება, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია შეასუსტებს „ჩრდილოვანი სტრუქტურების“ გავლენას და კონგრესი დაიბრუნებს ორ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის განმავლობაში მოპოვებულ ავტორიტეტსა და პატივისცემას.
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საქართველოს ფონდის (რონდელის ფონდი) პოლიტოლოგის, გიორგი ბადრიძის აზრით, ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე დადებული ფსონი არ გამართლდა – არც პოლიტიკურად და არც დიპლომატიურად. „MEGOBARI აქტი“ არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებით ვაშინგტონის შეშფოთების გამოხატულება გახდა, არამედ სიგნალიც იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა არა სიტყვებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს.
„არ ვიცი, დადასტურდა თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ გავიგე, რომ ბატონმა ივანიშვილმა დაარღვია კონტრაქტი ლობისტურ ჯგუფთან, რომელიც ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვით უნდა დაკავებულიყო. ამის ნაცვლად, მათ მიიღეს ახალი ეტაპი „MEGOBARI“ აქტის მიღებაში.საერთოდ, ყველა ეს დაპირება იმის შესახებ, რომ აშშ-სთან ურთიერთობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდება, თავიდანვე რეალური საფუძველი არ ჰქონდა. და ახლა ვხედავთ, რომ ოფისში ას დღეზე მეტი ხნის შემდეგ ამ გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ არის. პირიქით, კონგრესიც და აშშ-ის ადმინისტრაციაც, აგძელებენ ძველ კურსს- ჩვენ ვსაუბრობთ კონგრესში რესპუბლიკურ უმრავლესობაზე. ეს კი არის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხაზი საქართველოსთან და რეაქცია საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობიდან გადახვევის მცდელობებზე“, – ამბობს ის.
იმ პირობებში, როდესაც თბილისი დასავლეთს ზეწოლაში ადანაშაულებს, ხოლო ოპოზიცია მმართველ ელიტას პარტნიორებისგან შეგნებულად ჩამოშორებაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია ურთიერთობების გაციების მიზეზები. ჩნდება კითხვა- ისინი ოკეანის გაღმა იმალება თუ თავად საქართველოს შიგნით?
„დავიწყოთ იმით, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია ჩვენი ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს. და ყველა ეს საუბარი, რომელსაც ვიღაც აწყობს – ან დემოკრატები, ან რაიმე „ღრმა სახელმწიფო“ – საქართველოს წინააღმდეგ, ყველაფერი საბაბია. ეს იყო სრულიად შეგნებული პოლიტიკა, რომელიც ივანიშვილმა მრავალი წლის წინ დაიწყო, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინაც კი, როდესაც ეს პოლიტიკა უბრალოდ უფრო აშკარა გახდა.ასე რომ, ნუ ავურევთ ერთმანეთში შედეგებსა და მიზეზებს. ეს ივანიშვილის არჩევანია და არა საქართველოს დასავლელი პარტნიორების. „ეს პარტნიორები ჩვენს ქვეყანას 90-იანი წლების დასაწყისიდან უჭერენ მხარს“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.
ექსპერტის აზრით, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე საქართველო უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ვიდრე 90-იან წლებში იყო და როგორც ახლაა.