2025 წლის 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი შეიცვლება. შესაბამისად, 4 ივნისის შემდეგ პირადობის მოწმობის მიღების მსურველ ყველა პირს გადაეცემა განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობა.

როგორც ცნობილია, იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები, საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობები, ასევე დროებითი იდენტიფიკაციის ელექტრონული ბარათი. აღვნიშნავთ, რომ პირები, რომელთა პირადობის მოწმობა ვადაგასული არ არის, არ იქნებიან ვალდებული შეცვალონ ის ახლით და ჩვეულებრივად გააგრძელებენ მის გამოყენებას. ამავდროულად, 4 ივნისის შემდეგ ნებისმიერი მიზეზით ახალი ბარათის მიმღებები მიიღებენ განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობას.

ახალი პირადობის მოწმობის მიღების სტანდარტული ფასი 65 ლარია და ის მზადდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

პასპორტის ბარათის საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

— სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები – მთლიანად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს,

— მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – მთლიანად,

— საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ინვალიდები გახდნენ – მთლიანად,

— საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს მოქალაქეობა მიღებული პირები – მთლიანად,

— ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები, რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდისას დამატებით ფასდაკლებებით ისარგებლებენ, პირველად გადახდისას – საერთო საფასურიდან 10 ლარით ნაკლებს, მეორედ გადახდისას – 6 ლარით ნაკლებს და თავისუფლდებიან ფოტოგადაღების საფასურის სრული გადახდისგან.

— პირები, რომლებსაც შეიძლება მიენიჭოთ მძიმე ან მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე პასპორტი, მომსახურების საფასურს 50%-ით ნაკლებს გადაიხდიან.