
ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის წინასაწყისი სამხედრო მომზადების ცენტრში, რვა თვის ვადით ჯარში გაწვეულმა 418-მა ახალწვეულმა სამხედრომ ფიცი დადო.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ფიცის დადების შემდეგ ახალწვეულებმა წარმოთქვეს ჯარისკაცის მრწამსი.
ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა წინასაწყისი სამხედრო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ახალწვეულების მშობლებს და წარმატებები უსურვა ჯარისკაცებს სამშობლოს წინაშე მიცემული სამხედრო ფიცის ღირსეულად შესრულებაში.
ფიცის დადების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ახალწვეულების მშობლები და ოჯახის წევრები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ თავიანთ შვილებს და გაეზიარებინათ მათთან ეს მნიშვნელოვანი მომენტი.
ფიცის დადებამდე ახალწვეულებმა გაიარეს ორთვიანი წინასაწყისი სამხედრო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა, რომელიც განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რვა თვის ვადით გაიწვიეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში და დარეგისტრირდნენ ნებაყოფლობით. ამ პერიოდში შეისწავლეს სხვადასხვა სამხედრო საგნები და ჯარისკაცის მოვალეობები, გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების, სროლის, ტაქტიკური, საწყისი და სხვა სამხედრო თემების კურსები.
დღეიდან ჯარისკაცები განაწილდებიან სხვადასხვა ქვედანაყოფებში: სასწავლო და სამხედრო მომზადების, ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში, ეროვნული სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად. ისინი იმსახურებენ საბრძოლო უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ქვედანაყოფებში, ყოველ სამ დღეში ერთხელ მორიგეობით. მათი ყოველთვიური ხელფასი 635 ლარს შეადგენს, ხოლო ისინი, ვინც სამსახურში საკუთარი სურვილით ჩაირიცხნენ, დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ.
ამის შესახებ გვაცნობებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.