რუსეთის აეროპორტებში მოქმედი შეზღუდვების გამო, ავიაკომპანიები აცნობენ რამდენიმე რეისის შესაძლო იძულებითი დაგვიანების, გაუქმების ან გაერთიანების შესახებ. ამის შესახებ News.am წერს.

„ზვართნოცის“ აეროპორტის ონლაინ ტაბლოს მონაცემებით, მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით 7 რეისი გაუქმდა, სანქტ-პეტერბურგიდან ერევნის მიმართულებით – 1, ხოლო ეკატერინბურგიდან და პერმიდან – თითო რეისი. გაუქმდა ერევნიდან მოსკოვის მიმართულებით სამი რეისი, ხოლო ეკატერინბურგის მიმართულებით – ერთი.

2025 წლის 7 მაისის ღამეს რუსეთის რიგ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანსა და ნიჟნი ნოვგოროდში, თვითმფრინავების ჩამოფრენისა და გაფრენის შეზღუდვების გამო, თვითმფრინავები გადამისამართდნენ ალტერნატიულ აეროპორტებში ან დააგვიანეს.

2025 წლის 7 მაისის დილით თვითმფრინავების ჩამოფრენისა და გაფრენის დროებითი შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა რუსეთის რიგ აეროპორტებში, მათ შორის დომოდედოვოში, ჟუკოვსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, ასევე ყაზანის, ნიჟნეკამსკისა და კიროვის აეროპორტებში.