
მთავრობის დადგენილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს – 1000 ლარის ოდენობით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მატერიალური დახმარება გაეწევა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა ელექტრონულ ბაზაში.
დადგენილების თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ერთჯერად ფინანსურ სოციალურ დახმარებას გაუწევს, ხოლო თბილისის მერია გამოყოფს შესაბამის თანხებს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თბილისში და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით.
შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ფოტო Jnews-ის არქივიდან.