2025 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ახალი საბავშვო ბაღისთვის ავეჯისა და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 000 ლარი გამოყო. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ახალქალაქში ახალ საბავშვო ბაღს პერსონალისა და ბავშვებისთვის ავეჯი, ასევე სხვადასხვა საჭირო ნივთი სჭირდება: მაგიდები, სკამები, კარადები და სამზარეულოს ჭურჭელი.

საწოლები არ შეისყიდება, რადგან ბავშვებისთვის დღის ძილი გაუქმდა. ამის შედეგად, ახალ საბავშვო ბაღში 3 ჯგუფის ნაცვლად 6 ჯგუფი ჩამოყალიბდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, მათ აქვთ განზრახვა, ის ბავშვები, რომლებიც ქალაქის საბავშვო ბაღების რემონტის გამო სოფლების კუმურდოსა და ჩუნჩხას საბავშვო ბაღებში დადიან, ახალ საბავშვო ბაღში განათავსონ. მათი საერთო რაოდენობა 60-ია.

„ყველაფერს შევუკვეთავთ საწოლების გარდა. ავეჯს მენეჯერისთვის, ჯგუფებისთვის, სამზარეულოსთვის. შენობა ჯერ არ დასრულებულა, ეზოში სამუშაოები მიმდინარეობს, აწყობენ ქვაფენილს. შეძენის შემდეგ ყველაფერს დავამონტაჟებთ, სანამ სამზარეულოში ღუმელებს შევაერთებთ, ერთი ან ორი თვე დაგვჭირდება, შემდეგ ზაფხულის არდადეგები დაიწყება და 15 სექტემბერს დავიწყებთ“, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.

თანხა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ავეჯის შესაძენად გამოყო, 76 000 ლარია. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ანაიდა ასატურიანის თქმით, ახალ საბავშვო ბაღში ახალი მასწავლებლებსა და ძიძებს არ დაიქირავებენ.

„იმუშავებენ ჩვენი აღმზრდელები, რომლებიც ახლა სოფლის საბავშვო ბაღებში მიდიან სამუშაოდ“, – დაამატა ანაიდა ასატურიანმა.

ქალაქის საბავშვო ბაღების რემონტის გამო, გაერთიანების დირექტორის თქმით, 78 თანამშრომელი მიდის სამუშაოდ სოფლებში: ბარალეთში, კუმურდოში, ხულგუმოში, დილიკაში, ჩუნჩხაში, კულიკამში.

ახალ საბავშვო ბაღს კომპანია „IKB Build“ აშენებს 1 მილიონ 657 ათასი ლარის ოდენობით. თანხები მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ახალი საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში გაშვება რამდენჯერმე გადაიდო. მარტის დასაწყისში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა, კახა გერგედავამ, Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარჩენილი იყო მხოლოდ საქანელების ქვეშ რეზინის ფილების დაგება და ეზოში ქვაფენილის ხელახლა დაგება, რადგან ისინი ცივ სეზონზე დაიგო და ძლიერმა ყინვებმა გაანადგურა და ამას მაშინვე გააკეთებდნენ, როგორც კი დათბებოდა. შემდეგ, 23 აპრილს, კომპანიის თანამშრომელმა დაარწმუნა, რომ სამუშაოებს ერთ კვირაზე ცოტა მეტი დრო დასჭირდებოდა. თუმცა, 6 მაისის მონაცემებით, შენობა ჯერ კიდევ არ იყო ექსპლუატაციაში გაშვებული.

მოსალოდნელია, რომ ლანდშაფტის მოწყობის ყველა სამუშაო უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც შენობა ოფიციალურად ექსპლუატაციაში შევა. მუნიციპალიტეტი იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის – 15 სექტემბრისთვის – ახალქალაქში ახალი საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის კარს გააღებს.

როდის ამუშავდება ახალქალაქის ახალი საბავშვო ბაღი

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება