
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებული დაინიშნა. ბესიკ ამირანაშვილს ამ თანამდებობაზე ზაალ გელაშვილი შეცვლის.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 5 რეგიონში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ. მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორის პოსტი ალექსანდრე ზაგაშვილმა დაიკავა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი გურჯუმელიძემ, ქვემო ქართლში კი – ლევან ხარაბაძემ.
ირაკლი კობახიძე გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ კახა გულედანთან ერთად. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცალკე სააგენტოს ჩამოყალიბებაც ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე მიუთითებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა რეგიონული განვითარების პროექტების ეფექტურ განხორციელებას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებს ჰყავდეთ ხელმძღვანელები, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლად დანიშნულ გუბერნატორებს წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook-გვერდი ავრცელებს.
ზაალ გელაშვილი განათლებით იურისტია, უსწავლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ბოლო პერიოდში მუშაობდა „ბაკურიანის განვითარების სააგენტოში“.