
საქართველოში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დიდი ხანია დაძაბულია. თბილისში კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე, აქციებსა და შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე, ამჯერად Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდებს ესაუბრა.
მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს არსებული პოლიტიკური ვითარება. სტუდენტების ნაწილი აქტიურად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე აქციებში, ნაწილი სააქციოდ ქუჩებში გასვლასაც კი არიდებს თავს. Jnews-მა საქართველოს პოლიტიკური მოვლენების შესახებ ესაუბრა 3 ჯავახელ ახალგაზრდას, რომლებიც პროფესიით ეკონომისტები არიან.
პირველი ახალგაზრდა, რომელსაც გავესაუბრეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. ის თბილისში ცხოვრობს და აქციებში მონაწილეობს.
„რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა დემონსტრაციებში, მაგრამ ხალხმა ვერაფერი შეცვალა.საქართველოში დაახლოებით 3,728,000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 100,000 მონაწილეობდა დემონსტრაციებში, დანარჩენებმა არაფერი გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენებს აწყობთ არსებული მთავრობა. არ მინდოდა აქციებში ბევრი მიმეღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ქართველების ჯგუფი, რომლებიც სომხებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ სომხებმა გადაწყვიტეს ამ ქვეყნის მომავალი. მაგრამ დაახლოებით 30 000 სომეხს არ შეეძლო საქართველოს მომავლის გადაწყვეტა, როგორც ისინი ამბობენ“, – ამბობს ჩვენი პირველი რესპონდენტი.
„თუ ხვალ არჩევნები იქნებოდა, მაშინ ვის ისურვებდით ლიდერად და რა აზრის ხართ ევროკავშირში გაწევრიანებაზე?“ – ამ კითხვებზე მან გვიპასუხა:
„აქციების მთავარი მიზანია, რომ შეიცვალოს მთავრობა, ძალიან მინდა, რომ შეცვლის შემთხვევაში გახარია იყოს. მთავრობას სურს ევროკავშირში შესვლა, მაგრამ თავისი კანონებით. ამას მე ვეთანხმები. მაგალითად, კალაძე რომ ამბობს „მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ“, ძალიან სწორს ამბობს. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, ქრისტიანობა აქ დომინირებს.ერთ ადგილას წავიკითხე, რომ 10 პუნქტიდან 8 მიღებულია, დარჩენილია ის 2, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს რელიგიას. მე არ მინდა, რამდენიმე წლის შემდეგ ჩემმა შვილებმა ნახონ ანტირელიგიური რაღაცები. მინდა, რომ ევროკავშირში შევიდეთ, კარგად ვიცხოვროთ, ხელფასები გაიზარდოს, ქვეყანა განვითარდეს, კორუფცია არ იყოს, დემოკრატია იყოს. ჩემი აზრით, საქართველო ატარებს ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას, რადგან სხვა ვარიანტი არ აქვს.“
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპონდენტი რამდენჯერმე მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე აქციებში, მან არ იცოდა შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ.
„არჩევნების შესახებ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არაფერს შეცვლის. არჩევნებისგან მოლოდინი არ მაქვს, ისევ 41 გაიმარჯვებს, რადგან პატარა ქვეყნებში ყოველთვის ასე ხდება, უმრავლესობა იმარჯვებს.“
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი კარგად არის ინფორმირებული საქართველოს პოლიტიკური მოვლენების შესახებ. მან 2024 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახლა თბილისშია, კარიერის გაგრძელების მიზნით.
„საქართველოში ამჟამად პოლიტიკური კრიზისია. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულად მიმაჩნია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ გაიმარჯვა, მაგრამ ოპოზიციამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა შედეგები გაასაჩივრეს. ნოემბერში მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გაყინვის შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ, ისევე როგორც ახალმა შემზღუდველმა კანონებმა, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მასობრივი პროტესტი გამოიწვია.“
შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შესახებ მან თქვა:
„ჩემი ინფორმაციით, დიახ, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები იგეგმება, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარდება, არჩევნები შესაძლოა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს“, – ხაზი გაუსვა ჩვენმა მეორე რესპონდენტმა.
მესამე ახალგაზრდა, რომელსაც Jnews-მა ესაუბრა, ახალქალაქში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ უმაღლესი განათლება სომხეთში მიიღო. მან თქვა:
„საქართველო ამჟამად პოლიტიკურად რთულ ვითარებაშია. ეს ცუდად მოქმედებს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. მთავრობისგან მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე გაუმჯობესდება.“
ხოლო კითხვაზე, იცის თუ არა შემოდგომაზე, 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ, მან თქვა: „კი ვიცი, რომ შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები იქნება, მეგობრებისგან გავიგე“.
როგორც შენიშნეთ, Jnews-ის სამი ახალგაზრდა რესპონდენტი, მიუხედავად იმისა, თუ სად ისწავლეს, არა მხოლოდ დაინტერესებულნი არიან, არამედ საკმაოდ ინფორმირებულნიც არიან საქართველოს საშინაო პოლიტიკური ვითარების შესახებ.
ფენია თოროსიან