წელს ახალქალაქში ზოგიერთმა ფერმერმა გადაწყვიტა, კარტოფილის დასათესი ფართობი შეემცირებინა და უპირატესობა მარცვლეულ კულტურებს მიენიჭებინა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კარტოფილის მოსავლიანობაც და ფასიც დამაკმაყოფილებელი იყო. ფერმერების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მარცვლეულის მოყვანა ნაკლებ შრომას მოითხოვს.

„სოფელ დილისკას მცხოვრებმა- ველიკ კარახანიანმა, წელს კარტოფილის ნაკვეთების ხარჯზე გააფართოვა მარცვლეული კულტურების სათესი ფართობები. მან უკვე დაასრულა მარცვლეულის თესვა.“

„გასული წელი მოსავლის მხრივ ხელსაყრელი იყო. კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოქმნილა, მყიდველები ყოველთვის იყვნენ. მე თესვა დავასრულე, უფრო მეტი ქერი და ხორბალი დავთესე, ვიდრე კარტოფილი. ქერისა და ხორბლის მოყვანის სამუშაო კარტოფილთან შედარებით ძალიან ცოტაა. სწორედ ამიტომ ვზრდი მარცვლეული კულტურების სათეს ფართობებს“, – ამბობს ველიკ კარახანიანი.

„მარცვლეულის ერთი კილოგრამი ერთ ლარად იყიდებოდა. არიან ფერმერები, რომლებმაც გადაწყვიტეს გაეზარდათ მარცვლეული კულტურების სათესი ფართობები, რადგან დიდ ხარჯებსა და ბევრ სამუშაოს არ საჭიროებს და რაც მთავარია, არ ფუჭდება. მე წელს ერთი ჰექტრით მეტი ხორბალი დავთესე“, – თქვა სოფელ დილისკას ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სოფელ სულდის მაცხოვრები სერგეი აფოიანი, როგორც გასულ წელს, ისე წელსაც იგივე რაოდენობის კარტოფილსა და ქერს დათესავს.

„ქერი და ხორბალი უკვე დავთესე. ამჟამად ამინდი ხელსაყრელი არ არის, ყოველდღე წვიმს. როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, მაშინ კარტოფილსაც დავთესავ. მე კარტოფილს უფრო მეტს ვთესავ, ვიდრე ქერს ან ხორბალს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სოფელში უფრო მეტ კარტოფილს თესავენ“, – ამბობს სერგეი აფოიანი.”

სოფელ ხანდოშიც სოფლის მეურნეები უფრო მეტ კარტოფილს თესავენ, ვიდრე მარცვლეულ კულტურებს.

„არსებული ფასების გათვალისწინებით, კარტოფილის მოყვანა უფრო მომგებიანია, ვიდრე მარცვლეულის. კარტოფილის ერთი ჰექტრიდან დაახლოებით 30 ტონა მოსავალი მიიღება, ხოლო ერთი ჰექტარი მარცვლეულის ფართობიდან 5 ტონა მოსავალი მიიღება, ისიც მაშინ როცა წელი მოსავლიანია“, – ამბობს სოფლის მეურნე არტურ პაპოიანი.“

მარტინ მელქონიანი სოფელ ჩამდურიდანაა. მან უკვე დაასრულა მარცვლეული კულტურების თესვა და წვიმის შეწყვეტას ელოდება, რათა კარტოფილის თესვას შეუდგეს.

„მე დავასრულე მარცვლეულის თესვა, მაგრამ კარტოფილის თესვა ჯერ არ დამიწყია. ჩვენს სოფელში კარტოფილს უფრო მეტს თესავენ, ვიდრე ქერს ან ხორბალს, დაახლოებით 40%-ს შეადგენს მარცვლეული, ხოლო 60%-ს – კარტოფილის სათესი ფართობები. ამინდია ცოტა შემაშფოთებელი, ვნახოთ, როდის შეწყდება წვიმა, რომ კარტოფილი დავთესოთ“, – ამბობს ის.

მარტინ მელქონიანის თქმით, სოფელ ჩამდურაში მარცვლეული კულტურების თესვა 80-90%-ით დასრულებულია.

იმავე სოფლიდან ჰაიკ ანტონიანი ფიქრობს, რომ არსებული ფასების გათვალისწინებით, კარტოფილის მოყვანა უფრო მომგებიანია, ვიდრე მარცვლეულის.

„კარტოფილის მოსავლიანობა უფრო მაღალია, 1 ჰექტრიდან დაახლოებით 30-40 ტონა კარტოფილი მიიღება, ხოლო მარცვლეულისგან 4-5 ტონა მოსავალი. ჩვენს სოფელში კარტოფილის სათესი ფართობები უფრო დიდია, თუმცა წელს ბევრისგან გავიგონე, რომ უფრო მეტი ქერი და ხორბალი დათესეს, ვიდრე გასულ წელს“, – ამბობს ჰაიკ ანტონიანი.

გევორგ ჯანოიან