
ჩინელების მხრიდან ინტერესი არ განელებულა, პირიქით, მიწვეულები ვართ მეორადი ავტომობილების გამოფენაზე“, – ამის შესახებ „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ჩინელ ავტომწარმოებლებთან და დილერებთან შეხვედრების მესამე ეტაპი სწორედ ჩინეთში შედგება, სადაც გარკვეულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
კერძოდ, როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, თუ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა საქართველოზეც იმოქმედებს, შესაძლოა, ამერიკული ბაზრის ალტერნატივად ჩინეთი იყოს განხილული. თუმცა, იქვე „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის ჰაბის ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შესაბამისად, მესამე რაუნდის შეხვედრებზე, ჩინურ მხარესთან სწორედ მსგავს საკითხებზე შედგება საუბარი, თუ რა ექსკლუზიურ პირობებს შესთავაზებს ის ქვეყანას.
ახალი ამბავია ის, რომ ჩინეთიდან მივიღეთ მოწვევა. გვთხოვენ ჩასვლას და დასწრებას მეორადი ავტომობილების გამოფენა-გაყიდვაზე. ეს იქნება მაისის ბოლოსკენ 27-28 რიცხვების ჩათვლით. ვაპირებთ გამგზავრებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩინელების მხრიდან ინტერესი არ განელებულა, პირიქით, ისინი ეძებენ ჩვენთან კონტაქტებს.
მედლის მეორე მხარეა ის, რაც გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. თუ მათი გადაწყვეტილება [სატარიფო პოლიტიკა] ჩვენზეც იქონიებს გავლენას (ჯერ ვაკვირდებით ისევ), ამერიკული ბაზრის ერთ-ერთი ალტერნატივა არის ჩინეთი. რომ გითხრათ, აქ ყველაფერი გარკვეულია და ჩამოყალიბებული ვართ, ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, ბაზარი აითვისონ. თუმცა, როგორც ადრე გითხარით, ჩინური ავტომობილების შემოყვანის შემთხვევაში, აქ ჰაბის ფუნქციის ყოფნა/არყოფნის საკითხი დგება. ჩვენ ეს გვაღელვებს, რადგან აქ იმიტომ არის ამდენი ადამიანი დასაქმებული, რომ ჰაბის ფუნქცია გვაქვს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სამუშაო ადგილებს დავკარგავთ. შესაბამისად, ბევრი საკითხია შესათანხმებელი. აქ რომ ჩამოვიდნენ, ჩვენ ავუხსენით, რომ არ გვინდა ჩინური ავტომობილების მხოლოდ გასაღების ბაზარი ვიყოთ.
იმედია, ჩვენი ვიზიტის დროს ამ კითხვებზე პასუხს მივიღებთ. ვნახოთ, გამოიკვეთება მათ ხედვა. თუ მარტო გასაღების შიდა ბაზარი აინტერესებთ საქართველოში და ამის იქით არ მიდიან, გამოდის, ჩვენი ინტერესიც არ იქნება გათვალისწინებული. ფასთან მიმართებითაც ვისაუბრეთ წინა ვიზიტზე, რომ იქნებ, საქართველოში ექსკლუზიურ ფასად შემოდიოდეს და შემდეგ ჩვენ გაგვყავდეს ამ ფასის პირობებში სხვა რეგიონებში. დავილაპარაკებთ, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ შეხვედრების მესამე ეტაპზე“,- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ჩინეთი ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების ოთხეულშია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 35 796 ერთეული ავტომობილი (სულ 622.2 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების) შემოვიდა. აქედან 858 ერთეული (8.76 მლნ აშშ დოლარის) ჩინეთზე მოდიოდა. მართალია, ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ 2.4%-ა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინური ავტომობილების იმპორტი თვიდან თვემდე იზრდება.