
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ 4 თვეში მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის 85-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მიმართულებით 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია წელსაც გრძელდება.
„არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა – ეს ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც დამოუკიდებელი ქართული მედია 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს დგას. წელს 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია გრძელდება, როდესაც მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ ტიპის 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევა დაითვალა.
ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით საშიში ტენდენცია ვლინდება – მმართველი ხელისუფლების მიერ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემების ინსტრუმენტალიზაცია და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათი უკანონო დაკავებითა და ჯარიმებით გამოიხატება. 2025 წელს, დაფიქსირებული შემთხვევების 40% (33) ზუსტად ასეთია. „ეს ანგარიში სწორედ ასეთ მაგალითებს იკვლევს“, – ნათქვამია დოკუმენტში.