საქართველოში 40 წლის მამაკაცი პედოფილიისა და არასრულწლოვანი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გვაცნობებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკავშირდებოდა მცირეწლოვან გოგონებს Facebook-ისა და Instagram-ის ყალბი ანგარიშებიდან. ის მათ უგზავნიდა პორნოგრაფიულ მასალებს, განიხილავდა სექსუალური ხასიათის საკითხებს, ხოლო ზოგს აიძულებდა კამერის წინ გაშიშვლებას.

ამ ეტაპზე გამომძიებლებმა ოთხი დაზარალებული დაადგინეს – ესენი არიან ზუგდიდის, სენაკის, გორისა და თბილისის მცხოვრები 11, 12 და 14 წლის გოგონები.

ყველა ამ ბავშვს სახელმწიფოს ხარჯზე შეთავაზეს ფსიქორეაბილიტაციის კურსი მიყენებული ტრავმის დასაძლევად.

დაკავებულს უკვე წარედგინა ბრალდება და მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მამაკაცის ბინის ჩხრეკის კადრებიდან ჩანს, რომ ის თავად მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს – სახლში ბევრი საბავშვო სათამაშოა.

სოციალურ ქსელებში მოქმედი პედოფილების დაკავების შემთხვევებზე საგამოძიებო სამსახური საკმაოდ ხშირად იუწყება. უწყება მშობლებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ბავშვების ინტერნეტში ურთიერთობას. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურთან დაკავშირება ცხელი ხაზის – 199-ის საშუალებით არის შესაძლებელი.