
შემოდგომაზე მუნიციპალურ არჩევნების დროს ელექტრონული საარჩევნო ყუთები გადასაფარებლებით დაიფარება, რათა გარედან მოქალაქეების ბიულეტენებზე გაკეთებული ნიშნები არ ჩანდეს. ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ- ირაკლი კალანდარიშვილმა განაცხადა.
„აპარატს გადაეკვრება ქაღალდის მსგავსი გადასაფარებელი, რაც შეუძლებელს გახდის (ნიშნების – რედ.) იდენტიფიცირებას“, – განაცხადა მან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების ნიშნები ხილული იყო საარჩევნო ბიულეტენებზე, რადგან ისინი ელექტრონულ საარჩევნო ყუთებში სპეციალური კონვერტების ჩარჩოების გამოყენებით იყო მოთავსებული.
ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ეს ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევად მიიჩნიეს. მათ ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება იყოს ამომრჩევლის ნების კონტროლის ერთ-ერთი გზა. მსგავსი საფუძვლით, რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სასამართლოს მეშვეობით სცადეს არჩევნების შედეგების გაუქმება. მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისია გამჭვირვალე ბიულეტენების შესახებ გააფრთხილა – სატესტო კენჭისყრის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ფურცლის უფრო სქელი ფურცლით შეცვლა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა ბრალდებას უარყოფს. ისინი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კენჭისყრა „უმაღლეს დონეზე“ ჩატარებულიყო.
კალანდარიშვილი დარღვევებს კვლავ არ აღიარებს. მისი თქმით, ელექტრონულ საარჩევნო ყუთებზე საფარის დადების იდეა „სპეკულაციების შესაძლებლობის მინიმიზაციას“ ისახავს მიზნად.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვინ მიიღებს მონაწილეობას მათში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გარდა.
ოპოზიციის უმრავლესობა არ ცნობს გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს (ზოგიერთმა დეპუტატმა უარი თქვა მანდატებზე). ხელისუფლების ოპონენტები ასევე მიიჩნევენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში ქვეყანაში არჩევნები ფარსად იქცა.
თუმცა, „ქართული ოცნების“ ყველაზე შეურიგებელმა კრიტიკოსებმა – „კოალიცია ცვლილებებისთვის“-მა და „ძლიერი საქართველო“-მ რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყეს. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის განზრახვაზე მიუთითებდეს.