
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში აპრილში წლიურმა ინფლაციის დონემ 3,4% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადად სურსათზე ფასების ცვლილებამ იმოქმედა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7%-ით გაძვირდა.
ჯანდაცვის ჯგუფში 9,2%-იანი ზრდა ფიქსირდება. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (9,5%), სამედიცინო მოწყობილობებსა და აღჭურვილობაზე (8,9%), ასევე საავადმყოფო მომსახურებაზე (7,6%).
„სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების“ ჯგუფში 6.1%-იანი ზრდაა. ფასები ძირითადად გაიზარდა ქვეჯგუფებში „პირადი გამოყენების ნივთები, რომლებიც არ შედის სხვა კატეგორიებში“ (20%), „დაზღვევა“ (8.7%), „ფინანსური მომსახურება“ (5.4%) და ჰიგიენის საშუალებები (3.2%).
„კომუნიკაციის“ ჯგუფში 12,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
თვიურ ჭრილში- მარტთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0,2%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ძირითად ინფლაციას, რომელიც ზომავს ფასების ცვლილებას სურსათისა და ენერგიის გამოკლებით, რაც გრძელვადიანი ტენდენციების უკეთ გააზრების საშუალებას იძლევა, აპრილში ის 2.3%-ს შეადგენდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს მთავრობა 2025 წელს ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნებას ვარაუდობს. ბიუჯეტის პროექტი ფასების 1%-იან ზრდას და მშპ-ს 6%-იან ზრდას პროგნოზირებს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, საქართველოში ინფლაციამ შესაძლოა 2025 წელს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბოს. ქართული საინვესტიციო კომპანია „Galt & Taggart“-ის საბაზისო სცენარის მიხედვით, ინფლაცია დაახლოებით 3.9%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა პესიმისტურ სცენარში, პოლიტიკური არასტაბილურობის ზრდით და ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლით, შესაძლოა 5.7%-ს მიაღწიოს. მსგავს შეფასებას იძლევა ადგილობრივი კვლევითი ჯგუფი PMCG – 4.6%, რაც არასტაბილური შიდა გარემოს გავლენასა და ინფლაციის მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს.
ამავდროულად, სავალუტო ფონდს უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს- საშუალოდ 2.6% წლის განმავლობაში და 3.7% წლის ბოლოსთვის, იმ მოლოდინით, რომ ინფლაცია თანდათან სამიზნე დონეს დაუბრუნდება. აზიის განვითარების ბანკი ინფლაციას 4%-ით აფასებს და ამას გარე ფაქტორებით, მათ შორის ნედლეულის გაძვირებით ხსნის.