
ბოლო პერიოდში, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გვაცნობებს.
დაკავებულები 23-დან 52 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. ცხრა მათგანს წარსულში ნასამართლევი ჰქონდა. ერთი ბრალდებული უცხოელია, თურქეთის მოქალაქე.
დაკავებულთა სახლებისა და მანქანების ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ ამოიღო პისტოლეტები, რევოლვერები, ტყვიამფრქვევი, სანადირო თოფი, შაშხანის კონდახები, ვაზნები და მაყუჩი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა). ეს დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.