
სომხეთში უმაღლეს განათლებას მიღებული ჯავახი სტუდენტები, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ჯავახეთის შრომის ბაზრის მოთხოვნებს, კერძოდ, არ ფლობენ საკმარისად სახელმწიფო ენას ან კონკრეტული სპეციალობის მოთხოვნა ადგილზე უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, მათ უჭირთ პროფესიულ სფეროში სამსახურის პოვნა, აქედან გამომდინარე- ორჭოფობენ ჯავახეთში დაბრუნებას.
ასია ათანიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ კორხიდან არის. ასია ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ გარემოებების გამო ინგლისური ენა აირჩია. სკოლის ასაკში მას უყვარდა მსახიობების ინტერვიუების ყურება, რომლებიც თავისუფლად საუბრობდნენ ინგლისურად.
„ერთხელ ვიფიქრე – თითქმის ყველა მსახიობი იცის ინგლისური, მაგრამ მე არა. უნდა ვისწავლო ინგლისური და შემდეგ მსახიობობაზე გადავალ. რა თქმა უნდა, სხვა მიზეზების იყო, რომლებმაც ხელი შემიწყო და ინგლისურის სწავლაზე კონცენტრირება გადავწყვიტე“, – პროფესიის არჩევის შესახებ ყვება ასია ათანიანი.
ასია წარჩინებით დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულება.
„„განათლება მკლავქვეშ ამოდებული ლავაშის პურივითაა, როცა მოგშივდება შეგიძლია მოტეხო და ჭამო“. ამ სიტყვებით გავიზარდე. მე მინდოდა ინგლისური მესწავლა, დედაჩემს უნდოდა, რომ პედაგოგი გავმხდარიყავი და ახლა აგვიხდა როგორც ჩემი, ასევე დედაჩემის ოცნება. მოგვიანებით მსახიობობაზე ოცნებაც ამიხდა, თუმცა მე შემიყვარდა ინგლისური ენა, სწავლების პროცესი და ჩემს პროფესიაში ჩაღრმავება გადავწყვიტე“, – ამბობს ასია ათანიანი.
ამჟამად ის მაგისტრატურაზე სწავლობს და ამავდროულად მუშაობს თავისი სპეციალობით – ენის ცენტრში. ასევე ასწავლის ონლაინ.
ასია დარწმუნებულია, რომ სადაც არ უნდა იყოს, მის პროფესიაზე მოთხოვნა არსებობს. სანამ სწავლობს, სომხეთში დარჩება, ამავდროულად აღნიშნავს, რომ ფინანსურად უფრო მომგებიანია საქართველოში მუშაობა, რადგან ბინის ქირის გადახდის საჭიროება არ იქნება.
ტათევ პოღოსიანმა ხანგრძლივი ძიების შემდეგ გადაწყვიტა მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესია აერჩია. ის ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენიდან არის. მეორე კურსის სტუდენტი.
თავისი თანატოლებისგან განსხვავებით, მან არც თუ ისე გავრცელებული პროფესია აირჩია. ფიქრობს, რომ არა მხოლოდ შეძლებს მონაცემთა ანალიტიკოსად მუშაობას ჯავახეთში, არამედ განავითარებს კიდეც ამ სფეროს.
„ეს სფერო ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და განვითარებადი სფეროა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არც ისე გამოიყენება ჯავახეთში. ჩემი არჩევანი არა მხოლოდ ჩემი პირადი სურვილით იყო განპირობებული, არამედ ჯავახეთში მისი ხელმისაწვდომი და გამოყენებადი გახდომის დიდი ენთუზიაზმითაც. ჩემი აზრით, ამ სფეროს დიდი მოთხოვნა აქვს თანდათანობით განვითარებად სამყაროში, რაც უფრო მეტად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო მეტია მონაცემთა ანალიტიკოსების მოთხოვნა“, – ამბობს ტათევ პოღოსიანი.
ჩვენი გმირი გვარწმუნებს, რომ განათლების დასრულების შემდეგ აუცილებლად დაბრუნდება ჯავახეთში.
„ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო დამემსხვრია ის სტერეოტიპი, რომ ჯავახეთში სამსახურის პოვნა შეუძლებელია, თუ კარგი სპეციალისტი ხარ, მაშინ აუცილებლად იპოვი სამუშაოს შენს სფეროში“, – ამბობს ტათევი.
ის ქართულ ენას ფლობს, მაგრამ რადგანაც განსაკუთრებით არ იყენებს, ფიქრობს, რომ დამატებითი კურსების გავლა დასჭირდება, როდესაც ჯავახეთში სამუშაოდ დაბრუნდება.
კარინე ჰოვჰანნისიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლა ვერცხლის მედლით დაამთავრა და ჩაირიცხა სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში.
ის პროფესიით მარკეტოლოგია. გადაწყვიტა უმაღლესი განათლება სომხეთში გაეგრძელებინა, რადგან სტუდენტი გახდომამდე უკვე მუშაობდა ერევანში. ახლაც, სწავლასთან ერთად, მუშაობს მარკეტინგულ კომპანიაში, როგორც SEO სპეციალისტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აპირებს ჯავახეთში დაბრუნებას. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ აქვს, რადგან ყოყმანობს მაგისტრატურა საქართველოში ისწავლოს თუ ევროპაში.
ნელი ლულუკიანი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. მათემატიკის სიყვარული მას მასწავლებლის დამსახურებით გაუჩნდა.
„ჩემი მათემატიკის მასწავლებელი გაკვეთილს ძალიან საინტერესოდ და გასაგებ ფორმით გვიხსნიდა, რაც ჩემთვის შთამაგონებელი იყო.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა.პედაგოგიკა მშობლების რჩევით ავირჩიე, რადგან ისინი ყოველთვის აფასებდნენ მასწავლებლის როლს“, – ამბობს ნელი ლულუკიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ნელის მშობლებს სურდათ, რომ თბილისში ესწავლა, დაფიქრების შემდეგ მან ერევანი აირჩია.
„ზუსტად ვერ გიპასუხებთ, დავრჩები სომხეთში თუ დავბრუნდები ჯავახეთში. ეს შემდგომ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ მუშაობას. მათემატიკის გარდა, მსურს ასევე შევისწავლო SMM (სოციალური მედია მარკეტინგი) და ეს ორი გავაერთიანო“, – ამბობს ნელი ლულუკიანი.
ნელი მეოთხე კურსიდან მუშაობს თავისი სპეციალობით – განვითარების ცენტრში, სადაც ასწავლის როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში.
ჩვენი ყველა გმირი გოგო ცდილობს დაბრუნდეს მშობლიურ სოფელში და ადგილზე იმუშაოს, მაგრამ დრომ და გარემოებებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
გევორგ ჯანოიან