ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში კარტოფილის დათესვა უკვე დაიწყო. აპრილში მოსული წვიმების გამო, წელს კარტოფილის თესვა გვიან დაიწყო.

სოფელ სულდიდან მეძო აფოიანი უკვე შეუდგა თესვას. ის ერთ ჰექტარზე მეტი ფართობის კარტოფილის დათესვას აპირებს. ასევე კმაყოფილია გასული წლის მოსავლიანობითა და გაყიდვის ფასებით.

„რამდენიმე დღეა, რაც დათესვა დაიწყო. ცოტა წვიმები გვიშლის ხელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში, მაგრამ დღეში 20-30 არ-ს ვთესავთ. მე, როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც 1 ჰექტარ 30 არ კარტოფილს დავთესავ. ჩემი აზრით, რაც უფრო ადრე დაითესება კარტოფილი, მით უფრო მაღალი იქნება მისი მოსავლიანობა“, – ამბობს მეძო აფოიანი.

მისივე თქმით, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის დათესვის, დამუშავებისა და აღების პროცესში ნებისმიერი სამუშაოსთვის იხდის, მიუხედავად ამისა, კარტოფილის წარმოება მისთვის მომგებიანია.

„ტექნიკა არ მაქვს, ყველაფრისთვის ფულს ვიხდი და ჩემთვის მომგებიანია მიწათმოქმედებით დაკავება. ერთი ჰექტრიდან 50 ტონა დიდი კარტოფილი მივიღე. გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შემქმნია, თავდაპირველად ფასი იაფი იყო, მაგრამ ახლა კარტოფილის თვითღირებულება მაღალია“, – ამბობს მეძო აფოიანი.

გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში საშუალოდ ერთი ჰექტრიდან 35-40 ტონა კარტოფილი მიიღეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

გევორგ ჯანოიან