ვაზიანში თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთა ლეგიტიმურობას ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:

„დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ამაყად ვაჩვენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს.

იყო ქართველი ჯარისკაცი- დიდი პატივიცაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ამ სტატუსის ღირსეულად ტარებისთვის საჭიროა დიდი შრომა და თავდადება, ამიტომ ქართველი ჯარისკაცი იმსახურებს ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობა თითოეულ თქვენგანს თქვენი სიმამაცისა და სამშობლოს მომსახურებისათვის. ჩვენი არმიის ყველა საბრძოლო წარმატება აერთიანებს გამძლეობის, ძალისა და სამხედრო ხასიათის გამოვლინების მრავალ მაგალითს.

თქვენი ღირსება, პროფესიონალიზმი და თავდადება ერთხმად არის აღიარებული ყველას მიერ – საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. დღეს მე მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მიმართ და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს და ყოველთვის გამოვხატავთ მათ მიმართ სათანადო პატივისცემას“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილმაც მიულოცა სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდნენ. ვულოცავ ყველას ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, განსაკუთრებით ჩვენს ამაყ არმიას, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს და ჯარისკაცებს – ეს დღე თქვენ გეკუთვნით, თითოეულ მამაც და პროფესიონალ ჯარისკაცს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ეროვნული მნიშვნელობის საქმეს და იცავს სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და თავისუფლებას.“

განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად ვითარდება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. საამაყოა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, წარმატებით აგრძელებენ ქართული არმიის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კეთილსინდისიერად შეასრულეს თავიანთი ძირითადი მისია – დაიცვან საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მე ვამაყობ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და მამაცურად იცავდნენ და აგრძელებენ ჩვენი სამშობლოს დაცვას. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი მთელ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში”, – განაცხადა ყაველაშვილმა.