მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემდეგი არჩევნები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების(მერების) არჩევნები საქართველოში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ამ არჩევნებში, თუ უარს იტყვის. ამ საკითხზე Jnews-მა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარეს არნოლდ სტეფანიანს ესაუბრა.

დღემდე საქართველოს არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ განუცხადებია მკაფიოდ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მხოლოდ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ გააკეთა განცხადება, რომ არ გამორიცხავს მონაწილეობას, რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ცალსახად ვერ ჩაითვლება.

ამასობაში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცვლილებებს შეიტანს საარჩევნო კოდექსში, რაც კრიტიკოსების აზრით, მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება. ეს წარმოშობს მოსაზრებას, რომ ოპოზიციას ასეთ პირობებში წარმატების მცირე შანსი აქვს და არჩევნებში მონაწილეობას შესაძლოა აზრი არ ჰქონდეს.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა – „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი მიიჩნევს, რომ რთულ პოლიტიკურ ვითარებაშიც კი ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

„ძნელი სათქმელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მონაწილეობა ყოველთვის ღირს, საკითხი ისაა, თუ რომელი ოპოზიცია მიიღებს. ბოლო დროს ოპოზიცია საქართველოში იმდენად სუსტია, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, რომ ისინი ვერ აგროვებენ იმ რაოდენობის ხმებს, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას, სულ მცირე გარკვეულ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების რეალურ პროცესში.მე არ ვსაუბრობ დიდ ქალაქებზე, მე ვსაუბრობ მუნიციპალიტეტებზე“, – ამბობს არნოლდ სტეპანიანი.

მისი აზრით, დიდ ქალაქებში ოპოზიციას გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე რეგიონებში, თუ ისინი ეფექტურად შეძლებენ მუშაობას.

„საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად დარღვევებისა, გაყალბებისა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ა.შ., დიდ ქალაქებში ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება, ან ოპოზიციაზე მხოლოდ 1-2%-ით მეტი აიღო. დიდ ქალაქებში ოპოზიციას, რა თქმა უნდა, გამარჯვების უკეთესი შანსი აქვს, თუ ისინი ინტეგრაციას შეძლებენ და ეფექტურად დაიწყებენ მუშაობას. სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დარჩა“, – დაამატა მან.

ზოგიერთი ექსპერტი ორაზროვნად მიიჩნევს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

არნოლდ სტეპანიანის თქმით, მაშინაც კი, თუ ეს პარტია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მას გამარჯვების შანსი არ აქვს.

„გახარია იტოვებს უფლებას და შესაძლებლობას იურიდიულ სიბრტყეში, რომ პრაქტიკულად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რაც ვფიქრობ ლოგიკურია,რადგან მას, როგორც მემარჯვენე პოლიტიკოსს, მმართველ გუნდში მისი გამოცდილება უშედეგო არ ყოფილა, მას ესმის ვისთან აქვს საქმე და ესმის, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს გამარჯვებას რიგი გარემოებების გამო. თუ მხოლოდ გახარია მიიღებს მონაწილეობას, მე ვერ ვხედავ მის გამარჯვების შანსებს, რადგან ის ვერ მოიყვანს არჩევნებზე ელექტორატს რაოდენობრივად უფრო მეტს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ელექტორატია“, – ამბობს ის.

კითხვაზე, თუ რატომ არ სურს ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა, არნოლდ სტეპანიანმა გვიპასუხა:

„ისინი რამდენიმე ადამიანის მძევლები არიან, რომლებიც ბოლო წლებში პოლიტიკურ პროცესს უფსკრულისკენ მიჰყავდათ და ასევე არიან ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მძევლები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი ფაქტორია შიგნით, პირველ რიგში, შეცდომები, რომლებსაც ისინი თავად უშვებენ. მეორეც, „ქართული ოცნება“ ქმნის ისეთ პირობებს, რომ ოპოზიცია სულ უფრო სუსტდება და არ შეუძლია ან არ სურს არჩევნებში მონაწილეობა.“

არჩევნებში მონაწილეობა არა მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, არამედ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობაც. ზოგიერთ პარტიას აქვს შესაძლებლობა, განაცხადი შეიტანოს არჩევნებში მონაწილეობაზე 14 ივლისამდე, ზოგს 8 აგვისტომდე, თუმცა იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიონ, პარტიებმა გადაწყვეტილება მონაწილეობის შესახებ და მუშაობა გაცილებით ადრე უნდა დაიწყონ.