ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 200 000 ლარის ღირებულების ახალი ნაგვის კონტეინერების შეძენას აპირებს. ახალქალაქის მერია ამ შესყიდვის საშუალებით მუნიციპალიტეტში სანაგვე კონტეინერების ნაკლებობის პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას და ყველა სოფელში ნაგვის გატანაზე საფასურის შეგროვების დაწყებას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ სერვის ცენტრმა გასულ წელს 246 ნაგვის კონტეინერი შეიძინა, ზოგიერთ სოფელში კონტეინერები კვლავ არ არის, ზოგიერთში კი მათი დეფიციტია.

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა- მხითარ რსტაკიანმა განაცხადა, რომ იგეგმება ყველა სოფლის სრულად უზრუნველყოფა ნაგვის კონტეინერებით, რათა დაიწყოს ნაგვის გატანაზე საფასურის შეგროვების ორგანიზებული პროცესი.

„არის სოფლები, სადაც სულ 3-4 კონტეინერია დამონტაჟებული. ჩვენ გვინდა გავზარდოთ მათი რაოდენობა, უზრუნველვყოთ სისუფთავე დასახლებულ პუნქტებში, რათა მოსახლეობა არ იჩივლოს კონტეინერების ნაკლებობაზე და შესაძლებელი იყოს საფასურის შეგროვება. ახლა, თუ სოფელში სულ სამი კონტეინერი დგას, მე ვერ მოვთხოვ გადახდას“, – აღნიშნა მხითარ რსტაკიანმა.

მისი თქმით დიდ სამსარს, პატარა სამსარსა და მოდეგამში სულ თითო კონტეინერია დამონტაჟებული და მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობის ასეთი სოფლებია, სადაც მხოლოდ 3-4 კონტეინერია დამონტაჟებული.

რსტაკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს იგეგმება სოფლებში ნაგვის კონტეინერების დამონტაჟების პროცესის დასრულება, რათა დაიწყოს საფასურის შეგროვება.

მხითარ რსტაკიანის თქმით, დღეს მუნიციპალიტეტის 60 სოფლიდან ნარჩენების გატანის საფასური დაახლოებით 30 სოფელში იკრიბება.

„სოფელ კარტიკამში წელს უკვე დავიწყეთ ნაგვის გატანის საფასურის აკრეფა- გავზარდეთ ნაგვის კონტეინერების რაოდენობა და მთელი წლის განმავლობაში წინასწარ შეგროვდა 6,762 ლარი“, – დაამატა მომსახურების ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტმა 246 სანაგვე კონტეინერები შეიძინა და სოფლებში დაამონტაჟა. კონტეინერები დამონტაჟდა როგორც იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ისინი საერთოდ არ იყო, ასევე იქ, სადაც მათი ნაკლებობა იგრძნობოდა.

ახალქალაქის სერვისცენტრი 2025 წელს ნაგვის გატანაზე საფასურს აგროვებს შემდეგ სოფლებში:

ხანდო, გომანი, დადეში, ბალხო, ხულგუმო, ხოსპიო, მარტუნი, კულიკამი, მურჯახეთი, ტურცხი, დილისკა, ჩამდურა, ბარალეთი, ლომატურცხი, ბავრა, კორხი, ტოთხამი, მაჯადია, ბუღაშენი, გოდოლარი, ორჯა, კარტიკამი, ფილიპოვკა და ა.შ.

ფიზიკური პირებისთვის, ტარიფი ერთ ადამიანზე თვეში 50 თეთრია. თუ ოჯახში ოთხზე მეტი ადამიანია, გადასახადი თვეში 2 ლარს შეადგენს თითო ოჯახზე. იურიდიული პირები ნარჩენების ერთი კუბური მეტრის გატანისთვის 25 ლარს იხდიან. კონტროლიორები, რომლებიც მაცხოვრებლებისგან სააბონენტო გადასახადს აგროვებენ, შეგროვებული თანხის 30%-ის ოდენობის ხელფასს იღებენ. სერვის ცენტრი მაცხოვრებლებთან დებს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ხდება საფასურის აკრეფა.

ნარჩენების გატანის საფასურის გადამხდელი სოფლების რაოდენობის ზრდის შემდეგ, მომსახურების ცენტრის შემოსავალიც გაიზარდა. 2024 წელს ფიზიკური პირებისგან 71 700 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისგან 90 643 ლარი შეგროვდა.

გასულ წელს სერვისცენტრმა მიიღო უფლება, გაექირავებინა საკუთარი სპეციალური ტექნიკა, რამაც ასევე შეუწყო ხელი ორგანიზაციის შემოსავლების ზრდას. რამდენიმე თვეში სერვისცენტრმა საკუთარი ტექნიკის გაქირავებით 7800 ლარი გამოიმუშავა.

ახალქალაქის სერვისცენტრს დღეისათვის 6 ნაგავმზიდი ტექნიკა ჰყავს.