ახალქალაქის საქალაქო სასაფლაოს გალავნის გასწვრივ ნაგავია დაყრილი. ძირითადად გამხმარი ყვავილები და შავი ცელოფნის პარკები ყრია.საფლავებიდან გამოაქვთ ნაგავი და ყრიან გალავნის იქით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე სანაგვე ურნებია განთავსებული.
საქალაქო სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ახალქალაქის მომსახურების ცენტრის ფუნქციებში შედის. ცენტრის დირექტორის თქმით, მიცვალებულთა ხსენების დღემდე (18 აპრილს) ძველი სასაფლაოს გალავნის მთელ სიგრძეზე და ახალ სასაფლაოებამდე მიმავალი გზა მთლიანად გაწმინდეს ნაგვისგან, თუმცა, სწორედ მიცვალებულთა ხსენების დღეს, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია კვლავ ნაგავსაყრელად იქცა.
„ბოლოს 18 აპრილს დავასუფთავეთ, მაგრამ ისევ იგივე მდგომარეობაა, შთაბეჭდილებაა, რომ არასდროს გაწმენდილა. ჩვენ რომ ვასუფთავებდით, ზემოდან მოიტანეს და დაყარეს ნაგავი, მეც გავბრაზდი და სყვედური ვუთხარი“, – განაცხადა ახალქალაქის მომსახურების ცენტრის დირექტორმა- მხითარ რსტაკიანმა.
ადამიანებს ეზარებათ სასაფლაოდან შავი ცელოფნის პარკებისა და გამხმარი ყვავილების სანაგვე ურნაში წაღება და გადაყრა, სანაცვლოდ ღობესთან ყრიან. მთავარია, მათ თვალს მოშორდეს. შედეგად, ახალქალაქიდან ბავრამდე და მიმდებარე სოფლებამდე მიმავალი გზის მთელ სიგრძეზე ნაგავია.
საფლავების დასუფთავებით და ნაგვის ბუნებაში გადაყრით, ამგვარად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს. თუ, მაგალითად, ყვავილი რამდენიმე დღეში იშლება, ცელოფნის (პოლიეთილენის პარკის) შემთხვევაში, ამისთვის ორასი წელიც კი არ არის საკმარისი.