გაზაფხულის მოახლოება ბევრისთვის ასოცირდება აყვავებულ ბუნებასთან, მწვანე და მოყვავილე ხეებთან, გამწვანებულ ბაღებთან. გაზაფხულის ასეთი აღწერა დღეს არ შეესაბამება ახალქალაქის ბაღებს. ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მაშტოცის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია უმწეო მდგომარეობაშია.

ორი წლის წინ, თავისუფლების ქუჩაზე- მაშტოცის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო და ხეები დაირგო. დღეს ამ ტერიტორიაზე დარგული ხეების უმეტესობა გამხმარია. ქალაქის სხვა მრავალ უბანში დარგული ხეებიც უმწეო მდგომარეობაშია.

გამწვანების სამსახურის უფროსის- აღვან აბაჯიანის თქმით, ხეებს მალე მოუვლიან:
„ხეებს ყოველთვის ვუვლით, უბრალოდ წელს, გაზაფხულის დადგომისთანავე ყველა თანამშრომელი ბაღის ხეების მოვლით არის დაკავებული, როდესაც დაასრულებენ, სხვა ტერიტორიებზე გადავლენ. მაშტოცის ძეგლის მახლობლად ხეები რომ გაიღვიძებენ, მერე დავიწყებთ მოვლას, გამხმარ ხეებს მოვჭრით“, – დაამატა მან.

sad 2

„ხას ბახჩა“ ბაღში ახლა მიმდინარეობს სანიტარული სამუშაოები.უვლიან ხეებს, ჭრიან გამხმარ ტოტებს. სამუშაოებს ახალქალაქის მომსახურების ცენტრის გამწვანების სამსახური ახორციელებს.

sad 1

აბაჯიანმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენი ბაღიც არ უნდა იყოს ქალაქში, ყველა მათგანი გაშენდება და მოვლილი იქნება. ასევე არსებობს ახალი ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც შემოდგომაზე განხორციელდება, რადგან, როგორც გამწვანების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ხეების დარგვისთვის ახლა უკვე გვიანია.

მან ასევე დაამატა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ ადგილებში დაირგვება ხეები, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი „ხას ბახჩას“ ბაღსა და დარბინიანის ქუჩაზე დაირგვება.

ფენია თოროსიან