გორის სავაჭრო ცენტრიში (გალერია) სროლა მოხდა. 30 წლის მამაკაცი დაიღუპა, მამამისი კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, სროლა ცენტრის ერთ-ერთმა მაღაზიის მფლობელმა გახსნა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამამისი ჭრილობებით სამედიცინო „გორმედის“ ცენტრში გადაიყვანეს. ექიმები მის ჯანმრთელობას მძიმედ აფასებენ.

თვითმხილველების თქმით, ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და თითქმის ათი წელია, რაც აღნიშნულ ცენტრში მაღაზიების მფლობელები არიან.

როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ს გალერეია სავაჭრო ცენტრიდან აცნობეს, მოვაჭრეებს შორის კონფლიქტი რეალიზებულ პროდუქციასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული ადგილზე დააკავეს.