
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საკრებულოს შემადგენლობას პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების მიხედვით განსაზღვრავს, მხოლოდ მმართველი პარტიისთვისაა სასარგებლო, რადგან პროპორციულ სისტემაში დეპუტატების რაოდენობის შემცირება ოპოზიციას საკრებულოში- განსაკუთრებით რეგიონებში, თავიანთი დეპუტატების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბოლო ცვლილებების შედეგად, დეპუტატების რაოდენობა 42-დან 38-მდე შემცირდება. პროპორციული წარმომადგენლების რაოდენობაც 28-დან 15-მდე შემცირდება. თუმცა, მაჟორიტარი წარმომადგენლების რაოდენობა 14-დან 25-მდე გაიზრდება.
ახალქალაქის ამჟამინდელი საკრებულო, რომელიც 2021 წელს აირჩიეს, 42 დეპუტატისგან შედგება. 28 პროპორციული, ხოლო 14 მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს. 2017 წელს ახალქალაქში 38 დეპუტატი აირჩიეს, რომელთაგან 15 პროპორციული და 23 მაჟორიტარული იყო.უახლესი ცვლილებები 2017 წლის საარჩევნო სისტემას უბრუნდება, თუმცა 2021 წლის ცვლილებები დემოკრატიული რეფორმების ფარგლებში იქნა მიღებული, რომლებიც უნდა გაგრძელებულიყო.
ახალი ცვლილებების თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემით გასვლის ზღვარი 4%-ზე რჩება, ხოლო მაჟორიტარულ ოლქში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობის მიმღები კანდიდატი მაჟორიტარი დეპუტატი ხდება. თითოეული მაჟორიტარული ოლქიდან თითო დეპუტატი აირჩევა.
ცვლილებები 2024 წლის ბოლოს მიიღეს და ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა. მათ დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ადგილობრივი საარჩევნო კანონმდებლობის მაჟორიტარული კომპონენტი ძლიერდება, რაც შესაძლოა მმართველი პარტიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარება გამოიწვიოს.
ბევრი ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე იქნა ინიცირებული.
ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო“-ს პრეზიდენტი, არნოლდ სტეპანიანი, აღნიშნავს:
„ეს აუცილებლად გამოიწვევს გავლენიანი ფინანსური კლანების მიერ არჩევნებში მონაწილეობის განახლებას.“ ეს კლანები როგორც წესი, ყოველთვის მმართველ პარტიას უჭერენ მხარს. მაჟორიტარული სისტემის წყალობით „ქართული ოცნება“ შეძლებს, პირველ რიგში, მეტი ამომრჩევლის მობილიზებას და მეორეც, რეგიონულ საკრებულოებში ფაქტობრივი უმრავლესობის უზრუნველყოფას. „სიტუაცია უფრო რთულია დიდ ქალაქებში, მაგრამ საერთო ჯამში ეს ცვლილებები ექსკლუზიურად მმართველი პარტიის სასარგებლოდ არის.“
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი კოტე კანდელაკი ასევე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს და თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, მაშინ ოპოზიციის მონაწილეობა არჩევნებში პრაქტიკულად აზრს კარგავს.
„მმართველი პარტია გაიმარჯვებს მუნიციპალიტეტების უმეტესობაში, რადგან სისტემა, საარჩევნო კანონმდებლობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს. ისინი კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოარგეს. პროპორციული სისტემა რომ ყოფილიყო, ოპოზიციას მეტი შესაძლებლობა ექნებოდა“, – ამბობს კოტე კანდელაკი.
ამგვარად, 2024 წლის ბოლოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ექსპერტებში უკვე შეშფოთებას იწვევს. მაჟორიტარული კომპონენტის გაძლიერებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალაუფლების განაწილებაზე.