ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურას ხელოვნურ ნაგავსაყრელზე გადაყრილი გაფუჭებული კარტოფილი ჭარბობს. ზამთრის შემდეგ ნაგავსაყრელი საგრძნობლად გაიზარდა. მერიიდან განაცხადეს, რომ მსგავსი ნაგავსაყრელების დასუფთავებისთვის თანხები გამოყოფილი არ არის, თუმცა პირობა დადეს, რომ ზომებს მიიღებენ.

სოფელ ჩამდურას განაპირას არსებული სტიქიურად წარმოქმნილი, ხელოვნური ნაგავსაყრელი დიდი ხანია არსებობს. მოსახლეობა იქ ძირითადად გაფუჭებულ კარტოფილს ყრის. ნაგავსაყრელის პირდაპირ ფერმერების საწყობებია, სადაც ისინი კარტოფილს ინახავენ. ნაგავსაყრელზე შეიძლება ნახოთ როგორც ახლახან გადაყრილი კარტოფილის ტომრები, ასევე დიდი ხნის წინ გადაყრილი და უკვე დამპალი ნარჩენები, რომლებიც გამოყოფენ მძაფრ, უსიამოვნო სუნს, რომელიც ნაგავსაყრელთან მიახლოებამდეც კი იგრძნობა.

svalka chamdura

ზოგიერთი ფერმერი გაფუჭებულ კარტოფილს საწყობებთან ახლოს ან ეზოში აგროვებს, რადგან არ იცის სად გადაყაროს. კარტოფილის ნაგვის კონტეინერებში გადაყრა აკრძალულია, რადგან ამან შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს, ალტერნატიული გამოსავალი კი ჯერ არ არსებობს.

cvalka

სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის კონტეინერების დადგმის შემდეგ, მოსახლეობა ნაგავს იქ ყრის. ჩამდურაში 10-ზე მეტი კონტეინერია განთავსებული და საერთო ჯამში სოფელი სუფთაა. კონტეინერები პერიოდულად იწმინდება და ჩანს, რომ მოსახლეობა ცდილობს სისუფთავის შენარჩუნებას. ნაგვის გატანისთვის მოსახლეობა ერთ სულზე 50 თეთრს იხდის, ოთხ სულზე მეტი ოჯახები კი 2 ლარს.

თუმცა, ხელოვნური ნაგავსაყრელის პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში და ქარიან ამინდში კვლავ აქტუალური რჩება. დამპალი კარტოფილის სუნი მთელ სოფელში ვრცელდება. მიმდებარე სახლების მაცხოვრებლები ჩივიან, რომ უსიამოვნო სუნის გამო ფანჯრების გაღებაც კი არ შეუძლიათ.

musor svalka

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა განაცხადა:

„მუნიციპალიტეტს თანხები გამოყოფილი არ აქვს ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელების დასუფთავებისთვის, თუმცა ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ“.

მან არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რა ზომები მიიღება, თუმცა ხაზი გაუსვა მოსახლეობისთვის გარემოს დაბინძურების დაუშვებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, რადგან მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად გაწმინდოს ხელოვნური, სტიქიურად წარმოქმნილი ნაგავსაყრელები, რომლებიც ყოველი გაწმენდის შემდეგ კვლავ ჩნდება.