24 აპრილს, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 109 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მსახურება გაიმართა. ახალქალაქელებმა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი ყვავილებით შეამკეს და წმინდა მოწამეებს სანთლები დაუნთეს.

წირვა აღავლინეს ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელმა მამა ნარეკ ტიგრანიანმა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიუს არქიმანდრიტმა ნშან ჰმაიაკიანმა. ქვაჯვართან ყვავილები მიიტანეს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა. ყვავილები მიიტანეს ასევე მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური დაწესებულებების, სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებმა, საჯარო სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა, ბანკების, კერძო და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლებმა.

Jnews photo - 1

სამახსოვრო მსახურებას ესწრებოდა აგრეთვე ახალქალაქის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მოძღვარი, მამა ალექსანდრე.

„გენოციდი ამა თუ იმ ფორმით გავლენას ახდენს ამ სამყაროში ყველა სომეხზე. თუ თითოეული ჩვენგანის საგვარეულო ხეს ღრმად გამოვიკვლევთ, მივალთ გენოციდის დროს დაღუპულ ჩვენს ნათესავებამდე. მახსოვს როდესაც პატარა ვიყავი, სკოლის მოსწავლე, ექსკურსიაზე წაგვიყვანეს წიწერნაკაბერდში, რის შემდეგაც გენოციდის მუზეუმი მოვინახულეთ. სხვადასხვა ექსპონატებს შორის წავიკითხე წინადადება, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.დღეს, გამახსენდა ის. ეს წინადადება გენოციდის ერთ-ერთ ორგანიზატორს ეკუთვნის: „ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ უკანასკნელი სომეხი მუზეუმში ექსპონატად გამოიფინოს“.არ ვიცი, ამ სიტყვების ავტორს ჯოჯოხეთიდან შეუძლია თუ არა დაინახოს, მაგრამ სომხები არ განადგურებულან, სომხები ახსოვთ და ემახსოვრებათ ყველგან, ხოლო სამართლიანობის წყურვილი თაობიდან თაობას გადაეცემა. იმ მომენტამდე, როდესაც სამართლიანობა აღდგება. მანამდე, სანამ არ იქნება აღიარება და კონპენსაცია“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიუს არქიმანდრიტმა ნშან ჰმაიაკიანმა.

Jnews photo - 1

„ახალი დანაშაულებები კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ“

სომეხთა გენოციდი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა იყო. ეს სისასტიკე ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი ახალგაზრდა თურქების მთავრობის მიერ.

ძალადობაზე პირველი საერთაშორისო რეაქცია გამოითქვა 1915 წლის მაისში რუსეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე შეფასდა, როგორც „ახალი დანაშაულებები კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ“. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის მთავრობა უნდა დაისაჯოს დანაშაულის ჩადენისთვის.

Jnews photo - 1

პირველი მსოფლიო ომის წინ ახალგაზრდა თურქების მთავრობამ, რომელიც ცდილობდა დაეჭირა დაშლილი ოსმალეთის იმპერიის ნარჩენები, მიიღო პანთურქიზმისა და ეროვნული ერთგვაროვნების პოლიტიკა. ის გეგმავდა უზარმაზარი იმპერიის შექმნას, რომელიც, ჩინეთამდე გავრცელებით, მოიცავდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა თურქულენოვან ხალხს. პროგრამა ითვალისწინებდა ყველა ქრისტიანი, ისლამიზებული და სხვა უმცირესობების გათურქებას. სომეხი მოსახლეობა ამ გეგმის განხორციელების გზაზე მთავარ დაბრკოლებად ითვლებოდა.

გენოციდი ამ აღმავლობისა და ეროვნული პროგრესის შეჩერების, ასევე ათწლეულების განმავლობაში შრომით შექმნილი სომხური სიმდიდრის დაუფლების საშუალება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა გენოციდი ჯერ კიდევ 1910-1911 წლებში, სალონიკში გამართულ შეხვედრებზე დაიგეგმა, ახალგაზრდა თურქებმა მის განსახორციელებლად ხელსაყრელ მომენტად პირველი მსოფლიო ომი გამოიყენეს.

პირველი მსოფლიო ომის წინ ოსმალეთის იმპერიაში ორი მილიონი სომეხი ცხოვრობდა. დაახლოებით მილიონნახევარი მოკლეს 1915-1923 წლებში. დარჩენილი ნახევარი მილიონი სომეხი მთელ მსოფლიოში გაიფანტა. გენოციდი ადამიანთა ჯგუფის ორგანიზებული მასობრივი განადგურებაა, რომელიც ცენტრალურ დაგეგმვას და მისი განხორციელებისთვის შიდა მექანიზმის შექმნას მოითხოვს. სწორედ ეს აქცევს გენოციდს სახელმწიფო დანაშაულად, რადგან მხოლოდ სახელმწიფოს აქვს რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთი სქემის ფარგლებში.

Jnews photo - 1

1915 წლის 24 აპრილს სომეხი მოსახლეობის მოსპობის პირველი ეტაპი დაიწყო სომეხი ინტელიგენციის დაახლოებით ათასი წარმომადგენლის დაპატიმრებითა და ხოცვით, ძირითადად ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან (სტამბოლი). დღეს, 24 აპრილი, მსოფლიოში სომხები გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ აღნიშნავენ.

სომხური საკითხის „საბოლოო გადაწყვეტის“ მეორე ეტაპი დაახლოებით სამასი ათასი სომეხი მამაკაცის გაწვევა იყო თურქეთის არმიაში, რომლებიც მოგვიანებით განიარაღდნენ და მოკლეს მათმა თურქმა თანამებრძოლებმა.

Дизайн без названия - 1

გენოციდის მესამე ეტაპი გამოირჩეოდა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მასობრივი ჟლეტით, იძულებითი გადასახლებებითა და ე.წ. “სიკვდილის მარშებით” სირიის უდაბნოსკენ, სადაც ასიათასობით ადამიანი ან დახოცეს თურქმა ჯარისკაცებმა, ჟანდარმებმა და ქურთულმა ბანდებმა, ან შიმშილითა და ეპიდემიებით დაიღუპნენ. ათასობით ქალი და ბავშვი ძალადობის მსხვერპლი გახდა.ასი ათასობით ადამიანი იძულებით გამაჰმადიანდა.

Дизайн без названия - 1

გენოციდის ბოლო ეტაპი თურქეთის მთავრობის მიერ საკუთარ სამშობლოში სომხების მასობრივი მკვლელობებისა და განადგურების სრული და აბსოლუტური უარყოფაა. მიუხედავად სომეხთა გენოციდის საერთაშორისო დაგმობის პროცესისა, თურქეთი აგრძელებს ბრძოლას მისი აღიარების წინააღმდეგ ყველა საშუალებით, მათ შორის პროპაგანდით, სამეცნიერო ფაქტების გაყალბებით, ლობირებით და სხვა.