ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში ორი სანაგვე კონტეინერი გაქრა. სოფლის სპეციალისტის თქმით, ამ საკითხზე სამართალდამცავები მუშაობენ. ახალქალაქის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ნაგვის კონტეინერები არ მოიპარეს, უბრალოდ იყო გაუგებრობა, რაც უკვე გაირკვა და მალე სოფელში 2-ის ნაცვლად 7-ი კონტეინერი დამონტაჟდება.

სოფელ აზმანაში მომსახურების ცენტრის მიერ გზაჯვარედინზე დამონტაჟებული ორი ნაგვის კონტეინერი თებერვალში გაუჩინარდა.

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ნაგვის კონტეინერი არ გვაქვს. ამიტომ იძულებულნი ვართ ნაგავი პარკებში შევაგროვოთ და საკუთარი მანქანით გადავიტანოთ მეზობელ სოფლებში მდებარე კონტეინერებში. ეს რთულია სოფლის მოსახლეობისთვის — მარტო მე არ ვიქცევი ასე, ჩვენს სოფელში ყველანი ასე ვაკეთებთ,“ — ამბობს სოფელ აზმანას მაცხოვრებელი რამინ გელაძე.

სოფელში ფიქრობენ, რომ ნაგვის კონტეინერები მოიპარეს.

„ჩვეულებრივი სოფლის მცხოვრებლები ვართ, არ გვაქვს ინფორმაცია ვინ და რა მიზნით მოიპარა, მაგრამ ჩვენი პრობლემები გაიზარდა. სოფლის სისუფთავე ნაგვის კონტეინერების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია“, – ამბობს სოფლის მაცხოვრებელი მაკა ქამადაძე.

სოფელ აზმანას სპეციალისტის ამირან მელაძის თქმით, ნაგვის კონტეინერების საკითხზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და პრობლემას მალე მოაგვარებენ.

„ჩვენს სოფელში ორი ნაგვის კონტეინერი იყო და ორივე მოიპარეს. პოლიცია რამდენჯერმე მოვიდა სოფელში, თუმცა ჯერ ვერ გამოავლინეს თუ ვინ ჩაიდინა ქურდობა. უკვე ახალი ურნები შევუკვეთეთ და მალე სოფელს ახალი ნაგვის ურნები ექნება,“ — ამბობს სოფელის სპეციალისტი ამირან მელაძე.

ახალქალაქის მომსახურების ცენტრის დირექტორის მხითარ რსტაკიანის თქმით, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა — ცენტრის თანამშრომელმა სოფელ აზმანას ნაგვის კონტეინერები სოფელ კარწახში წაიღეს.

„ნაგვის კონტეინერები არ მოუბარავთ, უბრალოდ სხვაგან გადაიტანეს. აზმანას ნაგვის კონტეინერები კარწახში წაიღეს. მალე ახალ კონტეინერებს მივიღებთ და აზმანაში 2-ის ნაცვლად 6 ან 7 დავამონტაჟებთ. ამჯერად კონტეინერებს სოფელში მიმავალ გზაჯვარედინის ნაცვლად, სოფლის ცენტრში დავამონტაჟებთ“ -ამბობს მომსახურების ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი.

Jnews-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაარკვია, რომ აღნიშნულ ფაქტზე საქმე არ აღძრულა.