სოფელ ოკამში სახელმწიფო პროგრამით ერთდროულად ორი სკოლა შენდება. სკოლების სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყო.

Jnews-მა სკოლების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

№1 ქართულ საჯარო სკოლაში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, ხოლო №2 სომხურ საჯარო სკოლაში ჩვენი ვიზიტის დროს სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

ორივე სკოლა სამსართულიანი იქნება.

№1 ქართული საჯარო სკოლის სარდაფის ნაწილის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ადგილზე მშენებლები მუშაობდნენ.

„მშენებლობა მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. ზამთარშიც ვაგრძელებდით სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა ამინდი გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნიდა – ყოველდღე წვიმდა ან თოვდა, რაც ართულებდა პროცესს. ამ თვის განმავლობაში ამინდის გამო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ. ადგილზე ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,“ – განაცხადა №1 სკოლის სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელმა რონალდ ხმალაძემ.

მან ასევე დაამატა, რომ №2 სკოლაშიც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, უბრალოდ ჩვენი ვიზიტის დროს ისინი შესვენებაზე იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ოკამში ორი სკოლის მშენებლობაზე ტენდერი შპს „საბა კონსტრაქშენმა“ მოიგო.

№1 სკოლის ახალი შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე. სკოლის მშენებლობის საერთო ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 3 444 944,34 ლარს.

№2 სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. სკოლის მშენებლობის საერთო ხელშეკრულებითი ღირებულება შეადგენს 2 146 295,60 ლარს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2026 წლის 31 აგვისტოსამდე։

წაიკითხეთ ასევე
სოფელ ოკამში ორი ახალი სკოლა შენდება